მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-მარტში საქართველოს ექსპორტში EU-ის წილი 19.1% იყო, დსთ-ის ქვეყნების წილი - 44.7%

607d31175de40
თელარა გელანტია
19.04.21 11:25
1249
2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით ნაკლებია. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, აქედან ექსპორტი 820.6 მლნ აშშ დოლარი იყო (5.2%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი - 1 952.6 მლნ აშშ დოლარი (2.4%-ით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი იანვარ-მარტში 1 131.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.

საინტერესოა ქვეყნების ჯგუფების წილი ექსპორტში: იანვარ-მარტში საქართველოს ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 19.1% იყო, დსთ-ის ქვეყნების წილი - 44.7%, დანარჩენი ქვეყნების წილმა კი 36.2% შეადგინა.

რაც შეეხება იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილს საქართველოს მთლიან ექსპორტში, უმსხვილესი სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (109.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (109.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (104.6 მლნ. აშშ დოლარი) და მათი წილი ჯამში 76.7%-ია.

საქსტატის ანგარიშიდანვე ირკვევა, რომ 2021 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 158.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 86.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 83.7 მლნ აშშ დოლარით (10.2%).

საინტერესოა ქვეყნების ჯგუფების წილი იმპორტში: იანვარ-მარტში საქართველოს იმპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 22.6% იყო, დსთ-ის ქვეყნების წილი - 31.2%, დანარჩენი ქვეყნების წილმა კი 46.2% შეადგინა.

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი წლის პირველ სამ თვეში 71.5% იყო. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (343.3 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (220.4 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (182.8 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი 2021 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 168.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 145.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 141.9 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები