საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სულ 766 მილიონი ლარის ღირებულების 7800 იპოთეკური სესხი გასცეს. თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 33%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 19%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წელს გაცემული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 98 ათას ლარს აღწევს, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში გაცემული იპოთეკების საშუალო მოცულობა 88 ათას ლარს შეადგენდა. ეს მატება განპირობებულია ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით, ასევე თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებით. კერძოდ კი, გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15%-დან 10%-მდე, რაც უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებელს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2026 წლის თებერვალში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.94% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.39 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.




























