ბათუმში ხელოვნური კუნძულების პროექტის, “ამბასადორი აილენდ ბათუმის” მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის განხორციელების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ ხმელეთის 26 ჰექტარიანი ნაკვეთი უკვე შესულია ექსპლუატაციაში, იანვარში კი ეს ფართობი 48 ჰექტრამდე გაიზრდება - ამის შესახებ “ბიზნესის კვირეულთან” “ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ ისაუბრა.
“დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ მართლაც საოცარი შედეგები გვაქვს იმ თვალსაზრისით, რა მიმართულებითაც საზოგადოებას დაპირებას ვაძლევდით: კუნძულის 26 ჰექტარი უკვე ექსპლოატაციაში გვაქვს მიღებული. ამასთან, ძალიან აქტიური სამუშაოების შედეგად, უკვე მეორე ნახევარკუნძულზე 20 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი არის შექმნილი და, დაახლოებით იანვრის თვისთვის, ჩვენ უკვე ვემზადებით 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად”, - ამბობს გოჩა კამკია.
როგორც “ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, კუნძულის მშენებლობის პარალელურად, მიმდინარეობს პროექტის განვითარებაც და “ამბასადორი აილენდი” უკვე მასპინძლობს სამ უმსხვილეს ბიზნესპროექტს, რაც კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამი პრინციპითა განპირობებული.
“ეს კუნძული არ არის სამშენებლო ობიექტი. კუნძული არის ცოცხალი ორგანიზმი თავისი პოზიტიური პროცესებით და, ამ მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კუნძულის მშენებლობის პარალელურად აგრეთვე შევქმენით განვითარების დინამიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარალელურ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს სამი უდიდესი პროექტის განვითარება ამ ლოკაციაზე, რაც მოითხოვს ცალკე ყურადღებას და აღწერას. დაახლოებით რვა თვის წინ აქ იყო ზღვა. შესაბამისად ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია ის, რაც უკვე გვაქვს განხორციელებული.
არ არის მიმდინარე ბიზნეს პროექტი, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე არის აგებული. აქ აუცილებლად ჩვენ სამ პრინციპზე უნდა ვისაუბროთ, რაც უდევს მას საფუძვლად. ეს არის რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების უდიდესი ეფექტურობა და უდიდესი მხარდაჭერა; ცალკე გამოვყოფდი კომპანიის დამფუძნებლის, ბატონი ბუბა ქებურიას დისციპლინას, რაც ამ ყველაფერს ქმნის; და მესამე, ეს არის პროექტზე ცხოვრებისეულად და არანორმალურად შეყვარებული მენეჯმენტი. აქ დასაქმებული თითოეული ადამიანი, ხედავს საკუთარ თავს, საკუთარ ისტორიას, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეს”, - ამბობს გოჩა კამკია BMG-სთან.
“ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა იმ სამ პროექტზეც ისაუბრა, რომელთაგან ერთ-ერთიც კუნძულზე ფიზიკურად უკვე გაზაფხულიდან გამოჩნდება.
“მშენებლობის პარალელურად აქ უკვე მოვახერხეთ სამი უმსხვილესი ბიზნეს პროექტის მასპინძლობა. რაც ეს 26 ჰექტარი შევიდა ექსპლუატაციაში და მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ ვარგისად იქნა აღიარებული, ჩვენ უკვე მივიღეთ ულტრათანამედროვე პროქეტზე მშენებლობის ნებართვა, დღეს აქ უკვე აქტიურად მიმდინარეობს ფუნდამენტის და ხიმინჯების სამუშაოები და გაზაფხულზე ჩვენ დავინახავთ ხილულ შენობას, რომელიც უკვე მიწის ზევით იქნება… ეს იქნება პირველი სიგნალი ყველასთვის, რომ ბათუმის კუნძული უკვე ცოცხალია.
მეორე უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც ახლახან დაანონსდა ამ ლოკაციაზე, დამოუკიდებელი ინვესტორი FK Development-ი ახორციელებს და ეს არის Tonino Lamborghini Tower Batumi, საკოლექციო ტიპის უძრავი ქონება.
მესამე პროექტს კი გამორჩეული ქართველი ბიზნესმენი, ბატონი მინდია საბანაძე, IG Development-ი ახორციელებს. ეს იქნება ულტრათანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელიც 120 000 მ²-ზე იქნება გაშენებული. ამ პროექტის კონცეფციას საქართველოში ჯერ ანალოგი არა აქვს”, - აცხადებს “ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალური დირექტორი.
“ამბასადორი აილენდის” კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება.



























