საქართველოდან 2026 წლის იანვარში ექსპორტზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები 18-მა კომპანიამ გაიტანა.
ამის შესახებ საქსტატის მიერ BMG-სთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა. კომპანიებს შორისაა „ბლექ სი პეტროლიუმიც“. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის გააქტიურება ყულევში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის "ბლექ სი პეტროლიუმის" საქმიანობის დაწყებას ემთხვევა.
ამასთან, როგორც საქსტატი განმარტავს, ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული, იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.
2026 წლის იანვარში საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 224%-ით გაიზარდა და 56 მილიონ 180 ათასი დოლარი შეადგინა. რეექსპორტის ჩათვლით, ნავთობპროდუქტების ექსპორტი $58.7 მილიონი დოლარი იყო, რაც 401.5%-იანი ზრდაა. შესაბამისად, ამ პროდუქციის ექსპორტის დიდი წილი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გააქტიურდა. კერძოდ, იქამდე ყოველთვიური ექსპორტი 1.5-2 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, ნოემბერში კი ის ჯერ 30.1 მილიონ დოლარამდე (60.2 ათასი ტონა) გაიზარდა, დეკემბერში კი 31.9 მილიონი დოლარი (62 ათასი ტონა) გახდა.
ნავთობპროდუქტების კლასიფიკაციაში ბენზინის, დიზელის და ნავთის გარდა, სხვა ტიპის პროდუქციაც შედის. კერძოდ, ეს დასახელება აერთიანებს ასევე საპოხ მასალებს, (ზეთები, პლასტიკური საპოხები), ნავთობქიმიურ ნედლეულს, ბიტუმს და სხვა სპეციალურ პროდუქტებს (პარაფინები). შესაბამისად საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი კომპანიების ჩამონათვალში, მათი საქმიანობიდან გამომდინარე კომპანიები საწვავის გარდა, საავტომობილო ზეთების, ბიტუმის და სხვა პროდუქტების ექსპორტს ახორციელებენ.
2026 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს:
შპს აისი
შპს აიტექსი
შპს ბლექ სი პეტროლიუმ
შპს გეოიმპექს
შპს ზდ ნავთობის კომპანია
შპს ზობ ტრეიდი
შპს თეგეტა მოტორსი
შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ
შპს კავკაზუს პრემიუმ ლუბრიკანტს
შპს კავკასუს ავტომოტივი
შპს რეპსოლი
შპს რომპეტროლ საქართველო
შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
შპს ტოიოტა კავკასია
შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა
შპს ტრანსკავკასიური იმპექს კომპანია
შპს უჯ ლუბრიკანტს
შპს ჯის ოილ გრუპი
შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით




























