მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია მეთანოლისა და პროპანის მკვეთრი გაძვირება?

მეთანოლი

აშშ-ირანის საომარმა მოქმედებებმა და ახლო აღმოსავლეთში მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ გლობალურ ბაზარზე მეთანოლისა და პროპანის ღირებულების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ვინაიდან ორივე ქიმიური ნივთიერება ნავთობის გადამუშავებასა და ბუნებრივი აირის მოპოვებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, გეოპოლიტიკურმა შოკებმა მიწოდების სტრუქტურული დეფიციტი შექმნა და ენერგომატარებლების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.

სულ რაღაც ერთ თვეში პროპანი თითქმის 18%-ით არის გაძვირებული; ხოლო მეთანოლის ზრდის მაჩვენებელი 31%-ს აღწევს.

ამასთან, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ თხევადი ნავთობის აირის (LPG) გადაზიდვებიც შეაფერხა. ალტერნატიული მარშრუტების ძიებამ ტრანსპორტირების ვადები გაახანგრძლივა, საზღვაო დაზღვევის პრემიები გააძვირა და გლობალურ ბაზარზე პანიკური შესყიდვები გამოიწვია.

პარალელურად, პროპანის ფასებზე დამატებითი წნეხი საუდის არაბეთში, Juaymah-ის NGL-ის ობიექტზე პროპანისა და ბუტანის მილსადენების ინფრასტრუქტურის ნაწილობრივმა ჩამოშლამ შექმნა. შექმნილი ვითარების გამო, კომპანია Saudi Aramco იძულებული გახდა, Ras Tanura-ს საექსპორტო ტერმინალიდან თხევადი აირის დატვირთვაზე ფორსმაჟორი გამოეცხადებინა, რამაც ბაზარზე არსებული მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა.

პროპანი და მეთანოლი ენერგეტიკასა და ქიმიურ მრეწველობაში ფართოდ გამოყენებადი ნივთიერებებია. პროპანი ძირითადად გათხევადებული ნავთობის აირის (LPG) სახით გამოიყენება საყოფაცხოვრებო გათბობისთვის, საკვების მოსამზადებლად, ავტომობილების ალტერნატიულ საწვავად, აგრეთვე სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიულ სექტორში ლითონების დამუშავებისას; ხოლო მეთანოლი ორგანული ქიმიის ფუნდამენტური ნედლეულია, რომელიც გამოიყენება ფორმალდეჰიდის, ძმრის მჟავის, პლასტმასის, საღებავებისა და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებაში, აგრეთვე ალტერნატიულ საწვავად ნაოსნობასა და საავტომობილო ტრანსპორტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები