სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში ყირგიზეთი საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი გახდა. საქართველოს $338.6 მილიონიან ექსპორტში ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა 13.7%-იანი წილით უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებების რეიტინგის სათავეში მოექცა და რუსეთსა და აზერბაიჯანსაც გადაასწრო.
შედეგად, იანვრის დასაწყისში ყირგიზეთში ექსპორტი წლიურად 180%-ით 46.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა, საიდანაც $45 მილიონზე მეტი ავტომობილების ექსპორტს, უფრო კონკრეტულად კი რეექსპორტს ეკავა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საექსპორტო ქვეყნებს შორის ყირგიზეთის დაწინაურება სწორედ ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე მოხდა.
საექსპორტო პროდუქციის ხუთეული კი, ასე გამოიყურება:
- მსუბუქი ავტომობილები - $45.3 მლნ;
- სამკურნალო საშუალებები - $288 ათასი;
- საქვაბეები ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობები - $75 ათასი;
- სატვირთო ავტომობილები - $57.4 ათასი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $43.2 ათასი.
გასულ თვეს, მცირედით, თუმცა გაიზარდა ყირგიზეთიდან იმპორტიც. 2023 წლის იანვარში საქართველომ ყირგიზეთიდან $356.1 ათასის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი, $430.5 ათასის.