მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში, საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტმა $56 მლნ შეადგინა - სად გავყიდეთ?

ტანკერი

2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 56 მილიონი დოლარის ღირებულების 145 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. ამასთან, საქსტატის თანახმად, ეს არა რეექსპორტს, არამედ ადგილობრივ ექსპორტს წარმოადგენდა, რაც ქვეყანაში გადამუშავებულ პროდუქტებს გულისხმობს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 3300%-ს აჭარბებს.

საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ბოლო კვარტალში გააქტიურდა. კერძოდ ნოემბერში ის 30.1 მილიონ დოლარს, დეკემბერში კი 31.9 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2026 წლის იანვარში კი ის დამატებით 56 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

აღნიშნული ემთხვევა ყულევის თიზ-ში "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებას, რისთვისაც 2025 წლის ბოლო კვარტალშივე საქართველოს იმპორტში ნედლი ნავთობი გამოჩნდა, კერძოდ წინა წლის ბოლოს საქართველოში 96.6 მილიონი დოლარის 225.3 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა. იმპორტი სრულად რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. 2026 წლის იანვარში კი ნედლი ნავთობის იმპორტი 15.2 მილიონ დოლარს (39.9 ათას ტონას) შეადგენდა. ამასთან, იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების საექსპორტო ქვეყნებს, 2026 წლის იანვარში ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი ასე განაწილდა:

  1. თურქეთი - 24.3 მილიონი დოლარი, 63.5 ათასი ტონა;
  2. მალტა - 16.2 მილიონი დოლარი, 30.2 ათასი ტონა;
  3. სინგაპური - 11.9 მილიონი დოლარი, 37.9 ათასი ტონა;
  4. კვიპროსი - 3.6 მილიონი დოლარი, 13.2 ათასი ტონა;
  5. სომხეთი - 2 მილიონი დოლარი, 2.6 ათასი ტონა.

უცნობია, რა წილი მოდის აღნიშნულ ექსპორტში "ბლექ სი პეტროლიუმზე", თუმცა ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი ამ კომპანიის ოპერირების დაწყებამდე თითქმის არ ხორციელდებოდა.

ამასთან, თავად "ბლექ სი პეტროლიუმის" ინფორმაციით, უკვე დასრულდა ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პირველი ეტაპის მშენებლობა, რომელსაც წლიურად 1.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში წარმადობის 3.3 მილიონი ტონით, 4.5 მილიონ ტონამდე გაზრდა არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები