1 იანვრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი 3 750 ლარით გაიზრდება და 16 250 ლარი იქნება.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს #586 გადაწყვეტილების მიხედვით, ცვლილება შევიდა 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში და 2025 წლის პირველი იანვრიდან გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 16 250 ლარის ოდენობით. საუბარია, დარიცხულ ხელფასზე, გადასახადების გარეშე.
თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2020 წელს აირჩიეს. მან პოსტზე ვასილ მაღლაფერიძე ჩაანაცვლა. იქამდე, ბერძენიშვილი მაღლაფერიძის მოადგილის პოსტს იკავებდა.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 2025 წელს 101 მლნ ლარი იქნება, ანუ, ზუსტად იმდენივე, რამდენიც 2024 წელს არის.
ახლა, მაუწყებლის დაფინანსების გარდამავალი პერიოდია. გასულ წელს მიღებული კანონის თანახმად, შეიცვალა წესი, რომლითაც თითქმის 15 წლის განმავლობაში მაუწყებელი ბიუჯეტიდან მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] არანაკლებ 0.14%-ით ფინანსდებოდა.
დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებამდე, გარდამავალ პერიოდში [2024-2025 წლებში] მაუწყებლის ბიუჯეტი იმდენივე იქნება, რაც 2023 წელსაა გათვალისწინებული, ანუ 101 მლნ ლარი.