თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. დარჩება მხოლოდ მცირე სახის სამუშაოები. მოძრაობა კი, შეუფერხებლად განახლდება.
მერის მოადგილემ 2024 წლის დედაქალაქის პირველი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"როგორც პროექტის დასაწყისში იყო ნათქვამი, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. მოძრაობა ამ გამზირზე შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობას, ზუსტად იანვრის თვის ბოლოს, ხიდი უკვე მთლიანად იქნება აშენებული. დარჩენილი იქნება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება. აქაც გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილეს bm.ge-იმ ჰკითხა, რჩება თუ არა გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან სამუშაოების გაჭიანურება ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც, ინფრასტრუქტურული პროექტები გაწერილ ვადებში ვერ სრულდება.
რადგან, წერეთლის გამზირის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამივე ლოტზე კონტრაქტორები ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ, მიზეზი იმ კომპანიების მხრიდან სამუშაოების გაჭიანურებაა რომლებიც კომუნიკაციებს ფლობენ.
"კონტრაქტორები ზოგადად ბევრ რამეს ითხოვენ, მაგრამ ჩვენ ვაანალიზებთ ამ მოთხოვნებს და რაც რეალურია, მხოლოდ იმ მოთხოვნებს ვთანხმდებით. კონტრაქტორი ითხოვს, არ ნიშნავს რომ ეგრე იქნება. როცა ამ მოცულობის პროექტზეა საუბარი, ყოველთვის შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი დეტალები, რასაც წინასწარ ვერასოდეს დაგეგმავ. იგივე, მიწისქვეშა კომუნიკაციები ათწლეულების წინაა გაკეთებული და უშუალოდ, მესაკუთრე პროვაიდერ კომპანიებსაც კი არ აქვთ ინფორმაცია, სად რა ქსელი არის. ამიტომ, ერთია პროექტით რა არის გათვალისწინებული და მეორე, ფიზიკური სამშენებლო სამუშაოების პროცესი, სადაც ყოველთვის ხდება გაუთვალისწინებელი მოცულობები. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, როგორც დაწყებისას ვთქვით, იანვრის ბოლოს, წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა აღდგება".