იაპონიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს 21 ოქტომბერს აირჩევს. მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი და ასევე ყველაზე რეალური კანდიდატი სანაე ტაკაიჩია. ის იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეიძლება გახდეს.
თუმცა მისი არჩევის საკითხი გადაწყვეტილი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის, რადგან 2024 წლის არჩევნების შემდეგ ისტორიულად ყველაზე პოპულარულმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. კოალიციის შეკვრაზე კი უარი მოკავშირე ცენტრისტული პარტია “კომეიტოსგან” მიიღო. ამჟამად პარლამენტის უმსხვილესი პარტია მემარჯვენე “ინოვაციების” პარტიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ტაკაიჩის მხარდაჭერის საკითხიც გადაწყვეტილია, თუმცა ორპარტიულ კოალიციას კიდევ ორი დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება, რათა ტაკაიჩი პრემიერ-მინისტრად გაიყვანოს. ამჟამად, ლიბერალ-დემოკრატები სწორედ ამ ორი დეპუტატის მოძებნასა და დათანხმებაზე მუშაობენ.
რაც შეეხება თავად სანაე ტაკაიჩის, ის 64 წლისაა და განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით კობეს უნივერსიტეტში მიიღო. ის ასევე სწავლობდა მმართველობასა და მენეჯმენტს მაცუშიტას ინსტიტუტში.
ტაკაიჩის პოლიტიკური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო, როცა ის იაპონიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის დეპუტატი გახდა. საიდანაც მალევე, 1993 წელს ლიბერალ დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა და მომავალი პრემიერ-მინისტრის, იოშირო მორის ფრაქციაში იყო.
კარიერის განმავლობაში, სანაე ტაკაიჩი იკავებდა შინაგან საქმეთა, კომუნიკაციების და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრების პოსტებს. მას კონსერვატორ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. მომავალი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური რეფორმების გატარებას მხარს არ უჭერს. აღსანიშნავია, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული რამდენიმე ისეთი მოწოდება, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვას უჭერდა მხარს.



























