მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონია აშშ-ის ენერგეტიკასა და ინდუსტრიაში $36 მილიარდი დოლარის ინვესტირებას იწყებს

აშშ იაპონია

ოფიციალურმა ვაშინგტონმა სამი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება დააანონსა, რომელთა საერთო ღირებულება $36 მილიარდს შეადგენს და სრულად იაპონური მხარის მიერ დაფინანსდება.

აღნიშნული პაკეტი ტოკიოს მიერ დადებული $550-მილიარდიანი საინვესტიციო პირობის პირველი ეტაპია, რაც იაპონიამ იმპორტზე ტარიფების 15%-მდე შემცირების სანაცვლოდ გამოივაჭრა.

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, პროექტები, ძირითადად, ელექტროენერგიის გამომუშავებას მოიცავს. ისინი აშშ-ის სამ შტატში - ოჰაიოში, ტეხასსა და ჯორჯიაში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ თანხების უდიდესი ნაწილი, $33 მილიარდი, ოჰაიოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურს მოხმარდება. SoftBank-ის შვილობილი კომპანიის მიერ მართული ეს ობიექტი, 9.2 გიგავატი სიმძლავრით, ისტორიაში უდიდესი იქნება და ხელოვნური ინტელექტის სექტორის მზარდ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. პარალელურად, ტეხასში $2.1 მილიარდი ჩაიდება ღრმაწყლოვან ნავთობტერმინალში, რომელმაც წლიურად $30 მილიარდამდე საექსპორტო შემოსავალი უნდა მოიტანოს. რაც შეეხება ჯორჯიის შტატს, იქ $600 მილიონი სინთეზური ალმასის ქარხნის აგებაზე დაიხარჯება. ეს პროექტი შტატებისთვის სტრატეგიულად ითვლება, რადგან ის ჩინურ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, ქარხანა შეძლებს, ნახევარგამტარებისთვის საჭირო მასალაზე ამერიკული კომპანიების მოთხოვნა 100%-ით დაფაროს.

აქვე უნდა ითქვას, რომ $36-მილიარდიანი ინვესტიციის ფარგლებში იაპონიასა და აშშ-ს დადებული აქვთ მოგების განაწილების კონკრეტული სქემა: საწყის ეტაპზე შემოსავალი 50-50-ზე პრინციპით გაიყოფა. ხოლო, მას შემდეგ, რაც იაპონია გაწეული ხარჯების ამოღებას შეძლებს, პროპორცია აშშ-ის სასარგებლოდ, 90-10-ზე გადანაწილებით შეიცვლება. იაპონიის ვაჭრობის მინისტრის, რიოსეი აკაზავას განცხადებით, დამატებითი შეთანხმებები მარტში, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ვაშინგტონში ვიზიტისას გაფორმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები