იაპონიის ხელისუფლებამ ჩინეთში მყოფი მოქალაქეები გააფრთხილა. ოფიციალური ტოკიოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჩინეთში მცხოვრებმა ან ვიზიტით მყოფმა იაპონელებმა მასობრივი თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისაგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, ყურადღება მიაქციონ შვილებს და არ გამოელაპარაკონ მათთვის უცხო, საეჭვო პირებს.
იაპონიის მთავრობის მიერ გაჟღერებულ გაფრთხილებას წინ პრემიერ-მინისტრის განცხადება უძღოდა. სანაე ტაკაიჩიმ თქვა, რომ ჩინეთის მიერ ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში კონფლიქტში იაპონიის ჩართვა გამორიცხული არ არის.
იაპონიის ხელისუფლების გამაფრთხილებელ განცხადებას უკვე უპასუხეს ჩინეთში. ოფიციალურმა პეკინმა თავის მოქალაქეებს იაპონიაში მგზავრობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. ამასთან, არ გამორიცხა ეკონომიკურ და ტურისტულ სექტორებში თანამშრომლობის შემცირება. ჩინეთში სრულად შეწყდა იაპონური ფილმების ჩვენება, რაც ოფიციალური ორგანოების განმარტებით იაპონური კულტურის გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, იაპონიის ხელისუფლებამ და ბიზნეს-სექტორმა ოფიციალურ პეკინს დეესკალაციისა და დიალოგისკენ მოუწოდეს.




























