ამერიკული კერძო სადაზვერვო კომპანია Tesari-ს ანალიტიკოსებმა ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ელის ჰუანგსა და ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Huawei-ს შორის ფარული კავშირი გამოავლინეს.
CNBC-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტებით, ელის ჰუანგთან დაკავშირებული ბიზნესები Huawei-ს Nvidia-ს გამომთვლელ ბარათებს სწორედ იმ პერიოდში აწვდიდნენ, როდესაც ის ჩიპების ამერიკელი მწარმოებლის ყოფილ ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგთან ურთიერთობაში იყო.
ჩინური კორპორაციული ჩანაწერებით, ჰონკონგში მცხოვრებმა ელის ჰუანგმა, რომლის ჩინური სახელიც ჰუანგ ლეა, 2019 წელს საკუთარი ღრუბლოვანი ბიზნესი Osmanthus-ი ჩინურ სათამაშო კომპანია 7Road-ს მიჰყიდა.
2023 წელს 7Road-მა სინგაპურში დაფუძნებული შვილობილი კომპანია გამოყო და Megaspeed-ი უწოდა. მოგვიანებით სწორედ Megaspeed-ი გახდა Nvidia-ს ერთ-ერთი მთავარი კლიენტი და ჩინური ფირმებისთვის სულ მცირე $7.5 მილიარდის ღირებულების ჩიპების მიწოდებას შეუწყო ხელი.
Tesari-ს ვიცე-პრეზიდენტ ბრაიან ანდერსენის განცხადებით, ჰუანგის ქსელში გამოვლენილი აქტივობა ეროვნული უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების გავრცელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საჭიროებს.
შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურის ყოფილი აგენტი აშშ-ის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროსა და საგამოძიებო უწყების მიერ მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ ჰუანგის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. მისი თქმით, Huawei-სთვის კონტროლირებადი აღჭურვილობის უნებართვო გადაცემის დადასტურებისას, პოტენციური ბრალდებები შესაძლოა ექსპორტის კონტროლის დარღვევას, შეთქმულებასა და კონტრაბანდას მოიცავდეს.
ცნობისთვის, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული Huawei ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სექტორში პეკინის "სახელმწიფო ჩემპიონად" მიიჩნევა და გლობალური კონკურენტებისთვის კონკურენციის გასაწევად მთავრობისგან მსხვილ ფინანსურ მხარდაჭერას იღებს.
























