მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი - მცირე მარანი "იორა" ექსპორტს აფართოებს

იორა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მდებარე მცირე მარანი „იორა“ საექსპორტო მიმართულებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და აზიურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს.

როგორც BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა კონსტანტინე თოფურიამ განაცხადა, კომპანია უკვე მოლაპარაკებების პროცესშია იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან და საბოლოო პასუხებს მაისის ბოლომდე ელოდება.

„ექსპორტის მიმართულებით, გასულ წელს მცირე რაოდენობით ღვინო ჩეხეთში გავიტანეთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე სხვა ქვეყანასთანაც და მათგან პასუხებს ველოდებით - საუბარი გვაქვს იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან. 2024-2025 წლებში ამ ბაზრებზე აქტიურად ვმუშაობდით - მონაწილეობა მივიღეთ ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენებში, რამაც ინტერესი გააჩინა ჩვენი პროდუქციის მიმართ. მოგვიწია იაპონიაში ორჯერ და კორეაში ერთხელ ჩასვლა, რაც ამ პროცესის გაგრძელებას უკავშირდებოდა. დღეს უკვე არსებობს პოტენციური დაინტერესება, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ არ მივსულვართ. სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე გვექნება საბოლოო პასუხები“, – აღნიშნავს ის.

თოფურიას თქმით, „იორა“ მცირე მოცულობის, 5 ათასიდან 10 ათას ბოთლამდე წარმოების მქონე ნატურალური ღვინის მწარმოებელია, რაც კომპანიას სხვადასხვა ბაზარზე მცირე პარტიებით შესვლის მოქნილობას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად ღვინის მოხმარება მცირდება, მეღვინის განმარტებით, აზიის მიმართულებით ინტერესის ზრდა მაინც შეინიშნება. „ჩვენთვის უფრო მოქნილია ასეთ ბაზრებზე შესვლა მცირე-მცირე პარტიებით, რაც საბოლოო ჯამში უკვე ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც უნდა აისახოს. თუმცა, აქ გასათვალისწინებელი ლოგისტიკაა, რაც ფასს განსაზღვრავს“, – აღნიშნავს ის.

ამასთან, კომპანია შიდა ბაზარზე ტურისტული მიმართულებით გააქტიურდა და ღვინის ტურების მიღებას იწყებს. როგორც დამფუძნებელი ამბობს, მცირე მარნებისთვის ტურიზმი ხშირად უფრო მოგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირდაპირი გაყიდვები: "უფრო მეტად გადავერთეთ ტურიზმის მიმართულებაზე და ამით უფრო მეტი სარგებელი მიიღო კომპანიამ, ვიდრე პირდაპირი გაყიდვებიდან".

მისივე თქმით, „იორას“ უკვე ჰყავდა ვიზიტორები დასავლეთ ევროპიდან და ისრაელიდან, ხოლო მიმდინარე სეზონზე აქტივობის ზრდას ელოდება, განსაკუთრებით რთველის პერიოდში: „უფრო მეტად ჩვენს სტუმრებს ველოდებით რთველის პერიოდში, მაშინ არის ძირითადი აქტივობა ვიზიტორების მხრიდან“.

მეღვინეობამ „იორა“ ოპერირება 2018 წელს დაიწყო და ღვინოს კახური, ტრადიციული მეთოდით აწარმოებს, ან დროისათვის, მარანში 5 სახეობის ბიო ღვინო იწარმოება. ბრენდმა ბიო სერტიფიცირება 2019 წელს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები