იაპონიამ და მალაიზიამ უსაფრთხოების განსამტკიცებლად შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც იაპონია 400 მილიონ იენს ($2.8 მლნ) მალაიზიის საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად გამოყოფს.
შეთანხმების ფარგლებში იაპონია მალაიზიისთვის სპეცტექნიკას გამოყოფს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეთანხმებას ხელი ტოკიოში გამართულ სამიტზე მოეწერა, რომელიც იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთა ასოციაციის 50-წლიან კავშირს აღნიშნავდა. საზღვაო უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი კი აზიის წყლებში ჩინეთის მზარდი დომინაციის წინააღმდეგაა მიმართული. კერძოდ, მხოლოდ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე გადაზიდვებით, ჩინეთი ყოველწლიურად $3 ტრილიონის შემოსავალს იღებს.
აღსანიშნავია, რომ მალაიზიის გარდა, იაპონიას მსგავსი შეთანხმება აქვს ფილიპინებსა და ბანგლადეშთანაც, რაც განვითარებადი ქვეყნებისათვის თავდაცვითი სისტემების გაძლიერებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გეგმის ნაწილია.