"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მხარემ იაპონიის შესაბამის უწყებას უკვე გადასცა შეთანხმების პროექტი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები.
აღინიშნა დადებითი ტენდენციები ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებში, რომლებიც წარმოიშვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ.
ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, მათ შორის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ინვესტიციების და სხვა სექტორებში.
ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური საკითხების განხილვის ქმედითი პლატფორმის არსებობის მნიშვნელობას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სახით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა საქართველოსა და იაპონიას შორის ყველა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხის ოპერატიული გადაწყვეტა.
აღინიშნა, რომ საქართველოსთვის იაპონია მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მსგავსი შეთანხმების არსებობა ხელს შეუწყობდა ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად გაღრმავებას. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და იაპონიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. ასევე ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე. შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეც.
BMG ეცდება, მეტი დეტალი გაარკვიოს, რას გულისხმობს ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების პროექტი.




























