დროსთან ერთად, ინტერნეტის სიჩქარე იზრდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ტექნოლოგია იხვეწება და ის სულ უფრო მეტად უკეთესი ხდება. ცოტა ხნის წინ, იაპონიაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში მეცნიერებმა ინტერნეტის ახალი რეკორდული სიჩქარე დააფიქსირეს, რომელიც 25%-ით მეტია წინა შედეგზე და 402 ტერაბიტ/წამს შეადგენს, რაც წამში 402 ათასი გიგაბიტის ეკვივალენტია.
ინტერნეტის ეს სიჩქარე იმდენად დიდია, რომ მისი დახმარებით ნებისმიერი კომპიუტერული თამაშის, აპლიკაციისა თუ სერიალის გადმოწერა წამის მეასედშია შესაძლებელი. ცხადია, ამ ტიპის ინტერნეტი არც გეიმერებზე და არც ჩვეულებრივ მომხმარებლებზე არ არის გათვლილი.
იაპონელი მეცნიერების მიზანი ინტერნეტისთვის ახალი თაობის ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელსაც მომავალში კოსმოსის შესწავლის, მონაცემთა ცენტრების ოპერირების და ხელოვნური ინტელექტის გაძლიერების მიზნით გამოვიყენებთ. წარმოიდგინეთ, რა შეეძლება ხელოვნურ ინტელექტს მაშინ, როცა ის ამ სიჩქარის ინტერნეტით აღიჭურვება.