საქართველოში 5G-ინტერნეტის დანერგვა დაიწყო. შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე პირველი 5G-ქსელი “სელფი მობაილმა” მოაწყო, რის შემდეგაც ახალი თაობის ინტერნეტი გუდაურსა და ბაკურიანში ხელმისაწვდომია გახდა. “სელფი მობაილის” ამ პროექტში აქტიურადაა ჩართული ფინური ტექნოლოგიური გიგანტი Nokia, რადგან სწორედ მასთან პარტნიორობით ნერგავს ქართული კომპანია საქართველოში 5G-ქსელს.
რატომ შეარჩია “სელფი მობაილმა” საქართველოში 5G-ინტერნეტის გასავითარებლად Nokia? ამ კითხვას, TECH INFORM-ში “სელფი მობაილის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ფინური კომპანია ერთ-ერთი ლიდერია 5G-ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რომელსაც, ამ დრომდე, ამ ტიპის 100-ზე მეტი ქსელი აქვს მოწყობილი მსოფლიოში.
“დიდი ხანია, რაც Nokia ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ კონკრეტულად 5G-ტექნოლოგიის მომწოდებლის შერჩევისთვის კომპლექსური პროცესი ჩავატარეთ, რომელშიც სხვა კომპანიებიც იყვნენ ჩართულნი. თუმცა, საბოლოო ჯამში, შერჩევა გაგვიმარტივდა, რადგან Nokia გლობალური ლიდერია ამ მიმართულებით, რომელსაც, ამ დროისთვის, 100-ზე მეტი გამართულად მოქმედი ქსელი და 300-ზე მეტი მიმდინარე ხელშეკრულება აქვს, მათ შორის ჩვენიც. ამგვარად, Nokia-ს აქვს არამხოლოდ ტექნოლოგიური მზადყოფნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც.
გარდა ამისა, Nokia მოწინავე კომპანიაა კვლევების მიმართულებითაც. აი, მარტივ სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ - Nokia-ში მუშაობს ან მუშაობდა ნობელის პრემიის ცხრა ლაურეატი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Nokia ამ ინდუსტრიის პიონერია, ასე რომ არჩევანი საკმაოდ გაგვიმარტივდა”, - აღნიშნა ვასილ ბერიშვილმა TECH INFORM-ში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ფინური ტექნოლოგიური გიგანტი Nokia - საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ჰელსინკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს, Nokia-ს ერთი აქცია სამი ევროს ფარგლებში ღირს, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია €17.3 მილიარდს აღემატება.