მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

იაპონია

იაპონიის სამხრეთით მომხდარი 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრიდან ერთი დღის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 13-მდე გაიზარდა, ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო რეგიონის მასშტაბით გზები დაიბზარა და დაზიანდა - წერს უცხოური მედია.

ტელეკომპანია NHK-ის ცნობით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა კომპანია Nippon Paper Industries-ის ქარხანაში, სადაც მიწისძვრამ საკვამლე მილი წააქცია. მანამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი იყო დაკარგული.

სავაჭრო ცენტრის, Aeon Mall-ის ნანგრევებიდან რვა ადამიანი ამოიყვანეს. ცენტრი ძლიერმა აფეთქებამ სამშაბათის მიწისძვრიდან სულ რაღაც ერთ საათში გაანადგურა. ამოყვანილი რვა ადამიანიდან სამი გარდაიცვალა.

სავაჭრო ცენტრის კიდევ სამი თანამშრომელი კვლავ დაკარგულად ითვლება დაახლოებით 2 700-კაციანი პერსონალის შემოწმების შემდეგ - ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე Aeon-ის პრეზიდენტმა აკიო იოშიდამ განაცხადა. მისი თქმით, მომხმარებლების ევაკუაცია პირველივე ბიძგის შემდეგ განხორციელდა.

ხელისუფლება Aeon-ის სავაჭრო ცენტრში გაზის შესაძლო აფეთქების ვერსიას იკვლევს. მაშველებმა განაცხადეს, რომ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ინციდენტის ზუსტი მიზეზი კვლავ დგინდება.

სტიქიის ზონაში სამაშველო და აღდგენით სამუშაოებში დასახმარებლად 4 500-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული.

ხელისუფლებამ გააფრთხილა მოსახლეობა იმ ზონებში, სადაც ბიძგები ყველაზე ძლიერად იგრძნობოდა, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მზადყოფნაში იყვნენ შემდგომი ძლიერი მიწისძვრებისა და მეწყრების რისკის გამო. იაპონიის სეისმური ინტენსივობის შკალით, სამშაბათის ბიძგებმა ზოგიერთ რაიონში უმაღლეს, მე-7 დონეს მიაღწია.

იმ ფონზე, როდესაც 36 000-ზე მეტი სახლი კვლავ ელექტროენერგიის, ნაწილი კი წყლის გარეშეა დარჩენილი, ხელისუფლება მოსახლეობას სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების რისკის შესახებ აფრთხილებს, რადგან ოთხშაბათს ტემპერატურამ 34 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები