იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სავაჭრო ცენტრის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი ბიძგები სამშაბათს კიუსიუს რეგიონში, კუმამოტოს პრეფექტურაში დაფიქსირდა, რამაც სავაჭრო ცენტრ Aeon Mall-ში აფეთქება და შენობის ნაწილობრივი ნგრევა გამოიწვია.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ადგილზე მოსალოდნელია "მსხვერპლთა მნიშვნელოვანი რაოდენობა", თუმცა დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე არ არის დადასტურებული.
მანამდე საგანგებო სამსახურებმა განაცხადეს, რომ სართულის ჩამონგრევის შემდეგ შენობაში "ბევრი ადამიანი" იყო მოყოლილი.
"ქალაქ კაშიმაში, სავაჭრო კომპლექსის მეორე სართული ჩამოინგრა, რის გამოც შიგნით უამრავი ადამიანი დარჩა მოყოლილი", - ნათქვამია სახანძრო სამსახურის განცხადებაში.
პოლიციამ მანამდე განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინებები კუმამოტოს რეგიონში მდებარე Aeon Mall-ის ფილიალში აფეთქების მსგავსი ხმის შესახებ.
სამშაბათს, ნაშუადღევს, იაპონიის სამხრეთ კუნძულ კიუსიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში, წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. მიწისძვრის კერა ზღვის ფსკერიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. აშშ-ის წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა განაცხადა, რომ ადგილობრივი სანაპიროების მიღმა ცუნამის საფრთხე არ არსებობდა და მოგვიანებით განგაში გააუქმა.
ტელეკომპანია NHK-ის ცნობით, სულ მცირე 50 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტო ასევე იუწყება, რომ ჩამოინგრა 12 სახლი, ოთხ შემთხვევაში კი ნანგრევებში ადამიანები აღმოჩნდნენ მოყოლილნი.
კუმამოტოში დამანგრეველი მიწისძვრა 2016 წელსაც მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1 800 დაშავდა, ხოლო ათიათასობით სახლი დაზიანდა ან განადგურდა.
იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ქვეყანაა, სადაც ბიძგები მინიმუმ ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ფიქსირდება. ქვეყანა მდებარეობს ვულკანებისა და ოკეანური ღარების ე.წ. "ცეცხლოვან რგოლში", რომელიც ნაწილობრივ აკრავს გარს წყნარი ოკეანის აუზს. მსოფლიოში მომხდარი 6.0 ან მეტი მაგნიტუდის მიწისძვრების დაახლოებით 20% სწორედ იაპონიაზე მოდის.




























