იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში გაიმართა. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს - ამის შესახებ "ღვინის ეროვნული სააგენტო" იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, იაპონური ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობაა აღნიშნული. მათი თქმით, ქართული ღვინო იაპონიაში მასშტაბურად პირველად 2014 წელს გამოჩნდა.
"იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.
იაპონიაში ქართული ღვინის ფესტივალი მეორედ გაიმართა - ქართული ღვინის პრეზენტაცია- დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუნესკო იოშიჰარა (Ryunosuke Yoshihara) უძღვებოდა.