მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ აპირებს

63a974c23b96c
გიორგი თოლორდავა
26.12.22 15:36
531
მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურების მიუხედავად, იაპონიის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ აპირებს.

ბანკის ხელმძღვანელის, ჰარუჰიკო კუროდას განცხადებით, უახლოეს განჭვრეტად მომავალში მონეტარული პოლიტიკის გადახედვა არ არის დაგეგმილი და მაღალი შანსია იმისა, რომ განაკვეთი უცვლელად დარჩება.

კუროდას განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაცვლად, ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციების და ობლიგაციების შესყიდვების სტრატეგიას გამოიყენებს, რათა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი შენელდეს.

ცნობისთვის, ერთწლიან ჭრილში იაპონური იენი აშშ დოლართან მიმართებით 14%-ითაა გაუფასურებული, ინფლაციის დონე კი რეკორდულ 4%-ს აღწევს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ეროვნული ბანკის სამიზნე ნიშნულს.

იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია. ამჟამად იაპონიაში რეფინანსირების განაკვეთი 0-0.25%-ის ფარგლებშია, რაც იენს ინვესტორთათვის არამიმზიდველ ვალუტად აქცევს, ამერიკულ დოლარს კი - პირიქით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები