მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ელჩი ინვესტორებზე: „ყველა საკმაოდ ფრთხილობს მოსალოდნელი არჩევნების გამო“

5f2c442e744b2
თამთა ჯიჯავაძე
07.08.20 09:00
940
თუ უცხოელი ინვესტორი თავს იგრძნობს კომფორტულად საქართველოში, მათ უფრო მეტის ინვესტირების სურვილი ექნებათ, – ამის შესახებ იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ BMG-სა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, იაპონიიდან საქართველოში გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით ($39 205 300) კმაყოფილი არ არის, თუმცა, იმედი აქვს რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უცხოელი ინვესტორების ნდობის მნიშვნელოვანი ბარომეტრია... მიმდინარე წელს TEPCO-მ გადაწყვეტა საქართველოში ინვესტიციების ჩადება და ეს რიცხვი ვფიქრობ, რომ გაიზრდება. ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც. ამავე დროს იაპონურ კომპანიებს სჭირდებათ კარგად შეისწავლონ საქართველო, რა შესაძლებლობებია და რა რისკებია ამ ქვეყანაში. ყოველი ბიზნესი მოიცავს რისკებს, ასე რომ ბიზნესი შესაძლებლობებისა და რისკების ერთგვარი ბალანსია“, – აღნიშნა ელჩმა.

ხოლო კითხვაზე, რა შეიძლება იყოს რისკი იაპონელი ინვესტორებისთვის საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა პასუხობს:

„რაც ყველაზე მთავარია, ყველა საკმაოდ ფრთხილობს მოსალოდნელი არჩევნების გამო. ინვესტორები აკვირდებიან რა მოხდება არჩევნებზე. დიპლომატიურ კორპუსს ნამდვილად სურს, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია არამხოლოდ იაპონელი, არამედ ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისთვის. საქართველოში სტაბილურობის დემონსტრირება, სოციალ-ეკონომიკური სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი. ეს ერთგვარი ტესტია საქართველოსთვის, რათა მოიზიდოს მეტი და მეტი ინვესტორი“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა BMG-სა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, TEPCO-ს გარდა არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოში ინვესტირების საკითხს განიხილავენ, – „მაქვს ინფორმაცია რომ არაერთი იაპონური კომპანიის საბჭოში მიმდინარეობს დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით. თუმცა, ძალიან ადრეა დავასახელო კონკრეტული სახელები. იაპონური კომპანიები როგორც წესი, დიდ დროს უთმობენ შესწავლას – გამოიყენონ ესა თუ ის შესაძლებლობა თუ გაუშვან ის“, – დასძინა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები