იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ თანამდებობა დატოვა თავის კაბინეტთან ერთად, რითაც გზა გაუხსნა მის შემცვლელს, შიგერუ იშიბას თანამდებობის დასაკავებლად. უცხოური მედიის თანახმად, იაპონიის პარლამენტმა დღეს, უკვე დაამტკიცა შიგერუ იშიბა ქვეყნის ახალ პრემიერად.
67 წლის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, შიგერუ იშიბა მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად 27 სექტემბერს აირჩიეს კიშიდას ნაცვლად, რომელმაც აგვისტოში განაცხადა, რომ გადადგებოდა თავისი 3-წლიანი მმართველობის ვადის ბოლოს.
მოსალოდნელია, რომ იშიბა პრესკონფერენციას გამართავს მას შემდეგ, რაც იმპერატორი ოფიციალურად დანიშნავს მას და მის კაბინეტს ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში გამართულ ცერემონიაზე.
იშიბამ ორშაბათს თქვა, რომ აპირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რომელიც 27 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.