იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - 67 წლის შიგერუ იშიბა, რომელმაც მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (LDP) არჩევნებში გაიმარჯვა.
მისი პოლიტიკური კარიერა, რომელიც 1986 წელს დაიწყო, მთავრობის უმაღლეს საფეხურებს და თანამდებობებს მოიცავს, მათ შორის თავდაცვის მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციებს. პოლიტიკურ ელიტაში იშიბა ცნობილია, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად იქცა მთელი მსოფლიოსათვის.
მის საწყისებს რაც შეეხება, იშიბა საკმაოდ შეძლებული ოჯახის შთამომავალია, მისი მამა ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი იყო, თავად ის იაპონიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, კეიოში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. განათლების მიღების შემდეგ, იშიბამ საბანკო-საფინანსო სექტორში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ის მალევე გადავიდა პოლიტიკაში. 29 წლის ასაკში, ის პირველად აირჩიეს პარლამენტის წევრად, რითაც მისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა ოფიციალურად დაიწყო.
იშიბას შეხედულებებს რაც შეეხება, მისი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა, თუმცა არა ელიტის გაძლიერების, არამედ დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერის გზით. რაც მსხვილი კომპანიებისა და მეწარმეებისთვის სასიხარულო ამბავი არ არის, რადგან იშიბას ხედვა ელიტის ინტერესებთან წინააღმდეგობაშია.
მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მთავარი მექანიზმი დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა, რაც განსაკუთრებით მწვავე იაპონურ მეგაპოლისებშია, სადაც პლანეტის უმდიდრესი მოქალაქეები და უსახლკაროები ერთმანეთისგან რამდენიმე ქუჩის მოშორებით ცხოვრობენ.
მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებით იშიბა მხარს უჭერს ზომიერი ინფლაციის შენარჩუნების სტრატეგიას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. როგორც ის ამბობს, ცენტრალური ბანკი დაბალ საპროცენტო განაკვეთებს მომავალშიც შეინარჩუნებს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის დამატებით შემსუბუქების მიმართულებით ინვესტორებს მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ. თავად ეს ამბავი კი იმდენად უარყოფითად მიიღეს ინვესტორებმა, რომ იშიბას არჩევის დღეს, იაპონიის საფონდო ბირჟა თითქმის 5%-ით დაეცა.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იშიბა აქტიურად უჭერს მხარს აზიური NATO-ს ანალოგის შექმნის იდეას, რაც რეგიონში სამხედრო ალიანსის შექმნას მოიაზრებს. ის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში იაპონიის გააქტიურებას და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაფართოებას ისახავს მიზნად. იშიბას სურს, რომ იაპონია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც უფრო მეტად იყოს ჩართული უსაფრთხოების საკითხებში. ის ასევე მხარს უჭერს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო ურთიერთობების გაძლიერებას და ამერიკა-იაპონიის უსაფრთხოების ხელშეკრულების გადახედვას, რათა იაპონიის თავდაცვითი პოტენციალი და არსენალი უფრო მეტად გაიზარდოს.
საპირწონედ ამისა, ჩინეთთან მიმართებით, იშიბას დამოკიდებულება საკმაოდ ცივი და პრაგმატულია. ის მხარს უჭერს ჩინეთთან ძლიერი ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების არსებობას, მაგრამ ამავდროულად, ის აცნობიერებს პეკინის მხრიდან მომავალ გეოპოლიტიკურ საფრთხეს. მისი აზრით, იაპონიამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, რათა ჩინეთის სამხედრო ზეწოლა დააბალანსოს და საჭიროების შემთხვევაში, თავის დაცვა შეძლოს. ამავდროულად, იშიბა აქტიურად უჭერს მხარს ტაივანის დემოკრატიას და მიიჩნევს, რომ იაპონია უნდა იყოს მზად, შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, ტაივანი დაიცვას.
ინვესტორები და ბიზნესლიდერები იშიბას გეგმებს, უმეტესწილად, დადებითად აფასებენ. რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ სტაბილურობასთან, მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორებისთვის. მათი აზრით, იაპონიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. მიუხედავად ამისა, ინვესტორებს არ მოსწონთ სოციალურ თანასწორობაზე ფოკუსი და იმის მოსმენა, რომ იშიბას მთავარი პრიორიტეტი მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერა არაა.
ცხადია, ოპოზიციური ძალები იშიბას ხედვებს კრიტიკულად აფასებენ. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის შიგნითაც კი არსებობს გარკვეული დაძაბულობა, განსაკუთრებით ულტრა-კონსერვატიულ ფრთასთან მიმართებით. ზოგადად, იშიბა ნაკლებად მოიაზრებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და შეიძლება ითქვას, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში მისი გამარჯვება მოულოდნელი იყო, თუმცა, ფაქტია, რომ 125 მილიონ მოქალაქეზე ზრუნვა, $4.5-ტრილიონიანი ეკონომიკის განკარგვა და ამომავალი მზის ქვეყნის ხელმძღვანელობა სწორედ მისი მოვალეობა გახდა.