მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები ემიგრაციისთვის

6465bd31e8999
ლიკა მეგუთნიშვილი
19.05.23 00:00
4487
მსოფლიოს უდიდესმა საიმიგრაციო საზოგადოებამ InterNations-მა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. Expat City Ranking 2022-ის ანგარიში იმ 52 ქალაქს აერთიანებს, სადაც ემიგრანტები გასულ წელს ყველაზე კმაყოფილნი, ანდაც უკმაყოფილოები იყვნენ ცხოვრებისა და მუშაობის პირობებით. InterNations-მა ემიგრანტების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად 181 ქვეყანაში მცხოვრები 11,970 უცხოელი გამოჰკითხა და სთხოვა ქვეყნები ოთხი კატეგორიის: საცხოვრებლის, ენის, ციფრული ცხოვრებისა და ადმინისტრაციული საკითხების მიხედვით შეეფასებინა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ ემიგრანტებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ქვეყანა ბაჰრეინია. ბაჰრეინის მოსახლეობაში ემიგრანტები ძალიან დიდ წილს შეადგენენ გამომდინარე იქიდან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ინტეგრირება ძალიან მარტივია და გამოკითხული ემიგრანტების შეფასებით, ისინი ამ ქვეყანაში თავს უცხოდ არ გრძნობენ. გარდა ამისა, იქ ჩასულებს არ აფერხებთ ადმინისტრაციული და ასევე ენობრივი ბარიერები. ემიგრანტების თქმით, იმისთვის, რომ ბაჰრეინში სრულფასოვნად იცხოვრონ, ადგილობრივი ენის შესწავლა საჭირო საერთოდ არაა. ამ ყველაფერთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნებისმიერ სახელმწიფო სერვისზე წვდომა და მათით სარგებლობა ძალიან მარტივია.

მეორე ქვეყანა, რომელსაც ემიგრანტები საუკეთესო საცხოვრებლად ასახელებენ, არაბეთის გაერთიანებული საემიროებია, რომელმაც ბოლო წლებში, საცხოვრებელი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის, კვალიფიციური სამუშაო ძალისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდვის მიზნით, არაერთი ეკონომიკური, სოციალური თუ სამართლებრივი რეფორმა განახორციელა. ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკა, ენობრივი ბარიერის არარსებობა და ასევე იქ ბინადრობის ვიზის მიღების სიმარტივე კი, საემიროებს დამატებით უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე სულ უფრო მეტი ადამიანი საემიროებში საცხოვრებლად გადასვლის სურვილს გამოთქვამს.

რეიტინგში მესამე პოზიციაზე ხვდება სინგაპური. იქ ოფიციალური ენა ინგლისურია და შესაბამისად, ემიგრანტებისთვის კომუნიკაცია ძალიან მარტივია. გარდა ამისა, ემიგრანტები ფიქრობენ, რომ სინგაპური მათ ძალიან სწრაფ და ორგანიზებულ ონლაინ სერვისებს სთავაზობს და არანაირი ბიუროკრატიული ბარიერი არ ხვდებათ. ერთადერთი ფაქტორი, რითაც ემიგრანტები უკმაყოფილოები არიან, სინგაპურის საბინაო პოლიტიკაა. მათი თქმით, იქ ბინის შოვნა, არც თუ ისე მარტივია.

ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც რეიტინგის ათეულში ხვდება და მეოთხე ადგილს იკავებს - ესტონეთია. ემიგრანტები ესტონეთს საუკეთესო ევროპულ ქვეყნად აფასებენ და ამბობენ, რომ იქ ადმინისტრაციული პროცედურები ძალიან მარტივია, ბიუროკრატიული სირთულეები კი, ფაქტობრივად არ არსებობს. ესტონეთში მცხოვრები უცხოელები ასევე ხაზს უსვამენ იქაური ვიზის აღების, ფინანსური პროცედურების სიმარტივესა და ცხოვრების მაღალ ხარისხს. ერთადერთი სირთულე, რაც ესტონეთში ემიგრანტებს ხვდებათ, ენობრივი ბარიერია.

ემიგრანტებისთვის საუკეთესო საცხოვრებელ ქვეყნებს შორის ბაჰრეინისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების გარდა, სპარსეთის ყურის კიდევ სამი ქვეყანა მოხვდა. ომანი, საუდის არაბეთი და კატარი. ყურის ქვეყნები რეიტინგში უპირველესად ადგილობრივი ენის ცოდნის გარეშე იქ ცხოვრების სიმარტივის გამო ხვდებიან და ამასთან, ისინი საბინაო პოლიტიკითა და ბინის პოვნის სიმარტივითაც გამოირჩევიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანში მცხოვრები მიგრანტები, უარყოფითად აფასებენ იქ ონლაინ სერვისებზე წვდომას, რადგან ის მკაცრად შეზღუდულია. ემიგრანტებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ქვეყნების რეიტინგის ათეულში ასევე ხვდებიან ინდონეზია, კენია და კანადა.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ემიგრანტებს ყველაზე მეტად უჭირდათ დასახლება, არის გერმანია, იაპონია და ჩინეთი. სამივე ქვეყანაში ემიგრანტები ადგილობრივი ენის სირთულესა და დიგიტალიზაციის ნაკლებობაზე წუხან.

გერმანიაში მაცხოვრებლები ძირითადად უკმაყოფილებას იქაური საბინაო პოლიტიკით გამოთქვამენ და ამბობენ რომ გერმანიაში არათუ საცხოვრებლის ყიდვა, არამედ, ხშირ შემთხვევაში დროებითი საცხოვრებლის პოვნაც კი რთულია.

იაპონიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის მთავარ პრობლემას ენის ბარიერი წარმოადგენს. მიგრანტების 70%-ზე მეტი ამბობს, რომ ადგილობრივ ენაზე საუბრის გარეშე იქ ცხოვრება მარტივი არ არის და იქვე აღნიშნავენ, რომ იაპონური ენა საკმაოდ რთულია და მისი სწავლა ძალიან უჭირთ. მართალია, იქ სახელმწიფო სერვისების მიღება რთულია არ არის, თუმცა პრობლემას მათი ონლაინ ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რითაც 40%-ზე მეტი უკმაყოფილოა.

ჩინეთის შემთხვევაში კი, ძირითად პრობლემად ემიგრანტები ციფრული ცხოვრების ხარისხს ასახელებენ და მათი დაახლოებით 70%-ზე მეტი ონლაინ სერვისებზე შეზღუდულ წვდომაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ადმინისტრაციული ბარიერები, ვიზის მიღებისა და საბანკო ანგარიშის გახსნის სირთულე. თითოეული ემიგრანტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ადგილობრივი ენის ცოდნის გარეშე იქ ცხოვრება ძალიან რთულია და პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ იაპონურის მსგავსად ჩინურის სწავლაც მარტივი სულაც არ არის. ერთადერთი ფაქტორი, რასაც ემიგრანტები დადებითად აფასებენ ის არის, რომ ჩინეთში საცხოვრებლის პოვნა ძალიან მარტივია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები