მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტაკაიჩიმ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს

იაპონია

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ შესაძლოა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნოს. ამის შესახებ დღეს მისი პარტიის კოალიციური პარტნიორის ლიდერმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობის მეთაური თებერვალში არჩევნების ჩატარებას განიხილავს.

Reuters-ი წერს, რომ ეს ტაკაიჩისთვის პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ამომრჩევლის წინაშე პრემიერ-მინისტრის რანგში წარდგება და შეეცდება, ისარგებლოს იმ მაღალი მხარდაჭერით, რომელიც ოქტომბერში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ აქვს.

"იაპონიის ინოვაციური პარტიის" (იშინი) ლიდერმა ჰიროფუმი იოშიმურამ NHK-ს განუცხადა, რომ ტაკაიჩისთან შეხვედრის შემდეგ შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს არჩევნების ვადებთან დაკავშირებით მისი პოზიცია „ახალ ეტაპზე“ გადავიდა. გაზეთ „იომიურის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი 8 ან 15 თებერვალს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას განიხილავს, თუმცა იოშიმურამ აღნიშნა, რომ კონკრეტული თარიღები მათ შეხვედრაზე არ განხილულა.

ტაკაიჩიმ თავად არ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი მთავარი ყურადღება ბიუჯეტზეა გადატანილი. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, დროულად დაამტკიცოს როგორც მიმდინარე, ისე მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტი და შეამსუბუქოს ინფლაციის გავლენა მოსახლეობაზე. ამასთან, ოპოზიციური პარტია „კომეიტოს“ ლიდერი ტეცუო საიტო მიიჩნევს, რომ თებერვალში ჩატარებული არჩევნები ბიუჯეტის ფისკალური წლის ბოლომდე მიღებას საფრთხეს შეუქმნის, მაშინ, როცა ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია.

ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგიონულ საარჩევნო კომიტეტებს მზადებისკენ მოუწოდა, რაც ანალიტიკოსების ნაწილმა არჩევნების თითქმის გადაწყვეტილ ნიშნად შეაფასა. პარალელურად, ტაკაიჩის მთავრობის წინაშე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჩინეთთან გამწვავებული დაძაბულობა, რომელმაც უკვე გამოიწვია დიპლომატიური და სავაჭრო შეზღუდვები.

ქვედა პალატის მომდევნო რეგულარული არჩევნები იაპონიაში 2028 წლის ოქტომბრამდე არ უნდა გაიმართოს, თუმცა ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება ტაკაიჩის კოალიციის პოზიციებს მნიშვნელოვნად გაამყარებდა. პრემიერ-მინისტრი პოსტზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოვიდა და მიუხედავად პარლამენტის მხარდაჭერისა, ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები