იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ დონალდ ტრამპთან გამართული დახურული შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლინ ლევიტმა გაავრცელა. როგორც ლევიტი ამბობს, ტაკაიჩიმ ტრამპი მსოფლიოში მშვიდობის დამყარების კუთხით გადადგმული ნაბიჯებისთვის შეაქო. “დროის უმოკლეს მონაკვეთში მოახერხეთ, რომ მსოფლიოში უფრო მეტი მშვიდობა დაგემყარებინათ, ვიდრე ვინმე სხვა შეძლებდა”,- უთხრა იაპონიის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანაე ტაკაიჩი არ არის პირველი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, რომელმაც პრეზიდენტი ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. ცნობისთვის, ის აღნიშნულ კატეგორიაში ტაილანდისა და კამბოჯას, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე პაკისტანის ლიდერებმა წარადგინეს. ტრამპი მოელოდა, რომ პრემიას წელსვე მიიღებდა, თუმცა მის მიერ გადადგმული სამშვიდობო ნაბიჯები დროში მნიშვნელოვნად სცდებოდა იმ პერიოდს, როცა ნობელის ნორვეგიულ კომიტეტს გამარჯვებულის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო. თუმცა არაერთი ქვეყნის ლიდერი ტრამპის ხელახლა წარდგენის პირობას დებს. ცნობისთვის, მომავალი წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ვინაობა 2026 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.
ლევიტმა დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის სხვა დეტალებზეც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ორი ქვეყნის ლიდერმა და მათმა წარმომადგენლებმა უსაფრთხოების, ვაჭრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბრისას ტაკაიჩიმ ტრამპს უთხრა, რომ ის მისით “შთაგონებული და გაოგნებულია” და მზადაა, ორ ქვეყანას შორის “ახალი ოქროს ხანის” დადგომას შეუწყოს ხელი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი დღეს იაპონიაში მნიშვნელოვანი ვიზიტით, აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ის პრემიერ-მინისტრ ტაკაიჩის გარდა იმპერატორ ნარუჰიტოსაც შეხვდა. ორ ქვეყანას შორის უკვე გაფორმდა შეთანხმება იშვიათ წიაღისეულზეც.




























