იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა გადადგომის შესახებ განცხადებას მომავალი თვის ბოლომდე გააკეთებს, ამის შესახებ იაპონური მედია იტყობინება. მიზეზი არჩევნებში დამარცხებაა, რომელმაც მის ადმინისტრაციას საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში უმრავლესობა დააკარგვინა.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც იშიბამ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სავაჭრო შეთანხმება გაასაჯაროეს, რომელიც ამცირებს იაპონური ავტომობილების იმპორტზე ტარიფებს და ტოკიოს სხვა საქონელზე ახალი გადასახადებისგან ათავისუფლებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა და იაპონიამ სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს 15-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას იაპონური პროდუქციის იმპორტზე. ტრამპმა დაწერა, რომ შეთანხმება ასევე მოიცავს იაპონიის მხრიდან 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციას შეერთებულ შტატებში.
გასულ კვირას გამართული არჩევნების შემდეგ, იშიბამ განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩებოდა, რათა ტარიფების შეთანხმებას მიაღწიოს და მზარდი ეკონომიკური პრობლემები მოაგვაროს.
„ვერ ვიტყვი, სანამ შეთანხმების შედეგს დეტალურად არ შევისწავლი“, - განუცხადა იშიბამ ოთხშაბათს ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, იმოქმედებდა თუ არა ვაშინგტონთან ტარიფების შეთანხმება მის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს თუ არა თანამდებობაზე. როგორც იაპონიის პრემიერმა განაცხადა, არჩევნებში წაგების პასუხისმგებლობას სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შემდეგ განიხილავს.
ცნობისთვის, იაპონიის მმართველმა კოალიციამ, კვირას გამართული არჩევნების შედეგად, ქვეყნის ზედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. მმართველ კოალიციას 248-ადგილიანი ზედა პალატის კონტროლის შესანარჩუნებლად 50 ადგილი სჭირდებოდა. თუმცა, 47 ადგილი მოიპოვა.




























