იაპონურმა საინვესტიციო გიგანტმა, SoftBank-მა გასული კვარტალი $7 მილიარდის ოდენობის ზარალით დაასრულა. ანალიტიკოსების შეფასებით, უარყოფითი შედეგი აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეცვლილმა გეგმებმა და საკრედიტო დაფინანსების მკვეთრად გაზრდილმა ხარჯებმა განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ზარალის ძირითადი ნაწილი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება. როგორც ირკვევა, ოჰაიოს შტატში მონაცემთა ცენტრის პროექტის ცვლილების გამო, ენერგომომარაგების მოწყობილობების წინასწარი გადახდებიდან SoftBank-მა $3.7 მილიარდის ზარალი დააფიქსირა. ამას გარდა, ივლის-სექტემბრის პერიოდში კომპანიის საკრედიტო დაფინანსების ხარჯები გაორმაგდა, რაც ასევე ნეგატიურად აისახა კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაზე.
ზარალის ფონზე, დამფუძნებელ მასაიოში სონის ხელმძღვანელობით, ჰოლდინგმა წინა კვარტალში რეკორდული $56.5 მილიარდის სესხი მოიზიდა, რაც $11.87 მილიარდიან ვადიან სესხს, $10 მილიარდიან ობლიგაციებს და აქციებით უზრუნველყოფილ $25-მილიარდიან საკრედიტო ხაზს მოიცავს.
ცნობისთვის, AI-ინდუსტრიის მიმართ ინვესტორთა განწყობების გაუარესებისა და სექტორში მარეგულირებელი კონტროლის გამკაცრების მოლოდინის ფონზე, ივნისის დასაწყისიდან დღემდე SoftBank-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის განახევრებულია.
























