ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Broadcom-მა გასული ფისკალური კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. შემოსავალმა $29.59 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 86%-იან ზრდას ნიშნავს და ანალიტიკოსების პროგნოზს აღემატება.
ამასთან, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $4.14 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა და $13.09 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ასეთი სწრაფი ზრდის ტემპი კომპანიას ისტორიაში არასოდეს ჰქონია.
როგორც ირკვევა, ნახევარგამტარების სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და $16.7 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებას, შემოსავალმა $8.75 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $8.82 მილიარდზე ოდნავ ნაკლებია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიამ მიმდინარე მეოთხე ფისკალური კვარტალისთვის $34.8 მილიარდის შემოსავლის პროგნოზი დასახა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს მცირედ ჩამორჩება. და მაინც, აღმასრულებელი დირექტორის, ჰოკ ტანის განცხადებით, 2027 ფისკალურ წელს Broadcom-ი ხელოვნური ინტელექტის სეგმენტიდან შემოსავლის $115 მილიარდამდე გაორმაგებას გეგმავს, 2028 წლისთვის კი ამ მაჩვენებლის $230 მილიარდამდე გაზრდას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, 2028 წლისთვის თითო აქციაზე მოგება $30-ს გადააჭარბებს, რაც მოლოდინს მნიშვნელოვნად აღემატება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Broadcom-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $1.7 ტრილიონს შეადგენს და ის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.




























