მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის სამხრეთში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა: გამოცხადდა ცუნამის საშიშროება

იაპონია

სამშაბათს, ნაშუადღევს, იაპონიის სამხრეთ კუნძულ კიუსიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც დროებით ცუნამის საშიშროება გამოცხადდა, - იუწყება იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო (JMA).

სააგენტოს ცნობით, გაფრთხილება შეეხო მიმდებარე არიაკესა და იაცუშიროს ზღვებს - კუმამოტოს, ნაგასაკის, ფუკუოკასა და საგას პრეფექტურების დასავლეთ სანაპიროებზე, ტოკიოდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 900 კილომეტრში. გაფრთხილება ორ საათში გაუქმდა.

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) თავდაპირველად მიწისძვრის სიძლიერე 7.1 მაგნიტუდით შეაფასა, თუმცა მოგვიანებით მონაცემები 6.8 მაგნიტუდამდე შეამცირა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ სანაპირო ზოლს, სადაც 1 მეტრამდე სიმაღლის ცუნამი იყო პროგნოზირებული. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ შექმნა საგანგებო ჯგუფი ინფორმაციის მოსაგროვებლად, შესაძლო ზარალის შესაფასებლად და სამაშველო ოპერაციებისთვის მოსამზადებლად.

მოგვიანებით ტაკაიჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის, გზების, ხიდებისა და შენობების დაზიანების, ასევე ელექტროენერგიის გათიშვისა და ხანძრის შესახებ, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ცეცხლის ქურებთან და ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევებთან.

"ჩვენთვის ადამიანების სიცოცხლე მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა ტაკაიჩიმ და მოუწოდა ძლიერი ბიძგების ზონაში მყოფ მცხოვრებლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე შესაძლო ძლიერი განმეორებითი ბიძგების (აფტერშოკების) გამო.

იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მსხვილი საზოგადოებრივი ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ცნობები არ შესულა, თუმცა სპეციალისტები ზარალის მასშტაბებს კვლავ აფასებენ.

იაპონიის ბირთვული რეგულირების ორგანომ განაცხადა, რომ მიმდებარე სამ ატომურ ელექტროსადგურზე არანაირი დარღვევა ან ანომალია არ დაფიქსირებულა.

უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, დროებით შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების Shinkansen-ისა და ადგილობრივი მატარებლების მიმოსვლა კიუსიუზე. გარდა ამისა, დაიკეტა ასო კუმამოტოს აეროპორტის (Aso Kumamoto Airport) ასაფრენი ბილიკი, ხოლო აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფრენების განახლების ზუსტი დრო ჯერ უცნობია.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვითარების შესაფასებლად რეგიონში სამხედრო ავიაცია გაგზავნა.

შეგახსენებთ, რომ კუმამოტოში დამანგრეველი მიწისძვრა 2016 წელსაც მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1 800 დაშავდა, ხოლო ათიათასობით სახლი დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები