იაპონიის სამმა უმსხვილესმა საბანკო ჯგუფმა სტეიბლკოინების ერთობლივი გამოშვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. არსებული ინფორმაციით, Mitsubishi UFJ Financial Group-ის, Sumitomo Mitsui Financial Group-ის და Mizuho Financial Group-ის საბანკო ქვედანაყოფები ახალ ციფრულ აქტივებს 2027 წლის მარტამდე გამოუშვებენ.
პარტნიორები საოპერაციო ჩარჩოს შესასწავლად და ემისიისთვის მოსამზადებლად სპეციალურ საბჭოს შექმნიან. როგორც ირკვევა, ეს ინიციატივა მიზნად ქვეყანაში ციფრული გადახდების დინამიკის გაძლიერებას ისახავს. როგორც ცნობილია, ამჟამად იაპონიაში ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათები კვლავ დომინანტურ პოზიციებს ინარჩუნებს, შესაბამისად, საბანკო ინიციატივა ბაზარზე ვაჭრობის ახალ ინსტრუმენტს გააჩენს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო პროექტის ექსპერიმენტულ ეტაპს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ირკვევა, სახელმწიფო სტრუქტურა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით გადახდის სისტემების გაუმჯობესებას თავადაც გეგმავს. ამასთან, მმართველი პარტიის კომისიამ მიმდინარე თვეში აზიაში ანგარიშსწორებისთვის იენზე დაფუძნებული სტეიბლკოინების გამოყენების გაფართოების ინიციატივა წარადგინა.
ცნობისთვის, იაპონურ იენზე მიბმული სტეიბლკოინები ბაზარზე პირველად გასული წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც ისინი სტარტაპმა JPYC-მ გამოუშვა.




























