მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონური HONDA კოსმოსის დასაპყრობად ემზადება

ISS

იაპონური Honda კოსმოსის დასაპყრობად ემზადება. ეს წინადადება, შესაძლოა, მეტად ამბიციურად ან სახალისოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ასე შეგვიძლია წარმოვაჩინოთ სიახლე, რომელიც იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა გაასაჯაროვა.

Honda, რომელიც ბოლო წლებში ინოვაციურობის კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ელექტროლიზის უახლეს სისტემას გამოცდის. იაპონურ კომპანიას სურს შექმნას ტექნოლოგია, რომლითაც კოსმოსში წყალბადის, ჟანგბადის და ელექტროენერგიის წარმოება გამარტივდება და ეს ცდა ამ მიზნისკენ გადადგმული ერთ-ერთ ნაბიჯი იქნება.

ამ გრანდიოზული მიზნით, Honda ორ კოსმოსურ კომპანიასთან, Sierra Space-თან და Tec-Masters-თან დაპარტნიორდა, მაგრამ პროცესში შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიების ჩართვის მიუხედავად, იაპონური კომპანიის ამ წამოწყებას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. სატრანსპორტო საშუალებებში საწვავად წყალბადის გამოყენება, მართალია, სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ეს ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, რომელიც, სულ მცირე ამ ეტაპზე, ამ მიმართულებას კომერციულად არამიმზიდველად აქცევს. განსხვავებულად ფიქრობენ Honda-ში, რომელსაც ნახშირბადნეიტრალურობა აქვს გადაწყვეტილი.

თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ავტომობილებთან ერთად, იაპონურ კომპანიას წყალბადის გამოყენება კოსმოსშიც სურს. Honda-ში ფიქრობენ, რომ მომავალში ადამიანები მთვარეზე დასახლდებიან, მაგრამ ამისთვის წყალბადზე დაფუძნებული სისტემა იქნება აუცილებელი, რომლის შექმნა სწორედ იაპონურ კონგლომერატს სურს. თავად ამ წამოწყებაში გიჟური არაფერია, რადგან კოსმოსური კოლონიზაციისთვის, რაც უკვე არც თუ ისე შორეულ მომავლად ითვლება, მსგავსი სისტემის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სისტემა, რომელსაც Honda ავითარებს, შემდეგნაირად მუშაობს: მზიან ამინდში მზის პანელები ელექტროენერგიას წარმოქმნიან, რომლის დახმარებით ელექტროლიზის პროცესი შედგება, ანუ წყალი ორ შემადგენელ ელემენტად — ჟანგბადად და წყალბადად დაიშლება. უმზეო ამინდში, არსებული ჟანგბადის ნაწილს ასტრონავრები გამოიყენებენ, დანარჩენი კი ელექტროენერგიის წარმოქმნისთვის იქნება გამოყენებული. ელექტროლიზის მეორადი პროდუქტი წყალია, რომელიც კვლავ სისტემაში ჩაეშვება, ანუ ციკლურ პროცესს მივიღებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები