იაპონური იენი ამერიკულ დოლართან მიმართებით 1986 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე გაუფასურდა, რამაც ინვესტორებში ხელისუფლების მხრიდან სავალუტო ინტერვენციის განხორციელების მოლოდინი გააძლიერა. ამჟამინდელი მონაცემებით, იენის კურსი დოლართან მიმართებით 162.2-ს შეადგენს.
როგორც ირკვევა, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, საცუკი კატაიამამ და მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ ბაზარზე მკაცრი ზომების გატარების მზადყოფნა დაადასტურეს. Nomura-ს წარმომადგენლის, ჯულია ვანგის შეფასებით, ვალუტის მკვეთრი ვარდნა ქვეყანაში შეშფოთებას იწვევს, თუმცა ინტერვენციის გავლენა ხანმოკლე იქნება. ამასთან, იენის პერსპექტივა სუსტი რჩება, რადგან აშშ-სა და იაპონიას შორის საპროცენტო განაკვეთების სხვაობა კაპიტალის გადინებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ვალუტის გაუფასურების პარალელურად, იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, 40-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.78% შეადგინა, ხოლო 30-წლიანი ფასიანი ქაღალდების მაჩვენებელი 3.91%-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში იაპონიამ ეროვნული ვალუტის მხარდასაჭერად რეზერვებიდან $72.8 მილიარდი დახარჯა. ამას გარდა, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა ბაზრის ნორმალიზაციის ფარგლებში რეფინანსირების განაკვეთი 1%-მდე გაზარდა.
ცნობისთვის, 1 ლარის კურსი იაპონურ ვალუტასთან მიმართებით 61.5 იენს შეადგენს.




























