მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონური SoftBank-ის მიერ მხარდაჭერილმა PayPay-მ ამერიკულ საფონდო ბირჟაზე გასვლით $879.8 მილიონი მოიზიდა

PayPay

იაპონურმა ციფრული გადახდების გიგანტმა, PayPay-მ და მისმა მფლობელმა SoftBank-მა, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებით $879.8 მილიონი დოლარი მოიზიდეს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი წარმატებული დებიუტი აშშ-ს ბაზარზე არცერთ იაპონურ კომპანიას არ ჰქონია.

კომპანიის თითო აქცია $16 დოლარად შეფასდა, რამაც ხელი შეუწყო PayPay-ს საბაზრო კაპიტალიზაციის, დაახლოებით, $10.7 მილიარდ დოლარამდე გაზრდას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული გაურკვევლობის მიუხედავად, ინვესტორთა მხრიდან მოთხოვნა მაღალი იყო - აქციების შესყიდვის მსურველთა შორის იყვნენ აბუ-დაბისა და კატარის საინვესტიციო ფონდები, ასევე საგადახდო გიგანტი Visa.

აღსანიშნავია, რომ SoftBank-ისთვის ეს დებიუტი სწორ სტრატეგიულ ნაბიჯად მიიჩნევა, რადგან ამ სვლით ის საკუთარი აქტივების მონეტიზაციას იწყებს და ხელს უწყობს თანხის მოზიდვას ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის. შეგახსენებთ, ბანკს ამჟამად განსაკუთრებული ინტერესი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აქვს გამოხატული, თუმცა არ ფლობს საკმარის რესურსს, რათა კოლოსალური მოცულობის ინვესტიციები განახორციელოს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საჯარო შეთავაზების შემდეგაც კი, SoftBank Group-ი PayPay-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების თითქმის სრულად გაკონტროლებას შეძლებს, რადგან მას ხმათა 92% რჩება. PayPay-ს აქციებით ვაჭრობა Nasdaq-ის ბირჟაზე ხუთშაბათს, სიმბოლო PAYP-თ დაიწყება.

ცნობისთვის, PayPay-ი 2018 წელს, ინდურ Paytm-თან თანამშრომლობით დაარსდა და SoftBank-ის აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიის წყალობით, მალევე გახდა იაპონური ბაზრის ლიდერი. დეკემბრის მონაცემებით, კომპანიას 123-მილიონიან ქვეყანაში 72 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შთამბეჭდავია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც: გასული წლის ცხრა თვეში მისმა მოგებამ $648 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ერთი წლის წინანდელ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები