მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონურმა ენერგოგიგანტმა TEPCO-მ "დარიალი ენერჯის" 31.4%-იანი წილი შეიძინა

5eac2db92126c
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.20 18:12
3274
იაპონურმა ენერგოგიგანტმა TEPCO Renewable Power-მა კომპანია "ფერისგან" ყაზბეგში მდებარე "დარიალის" ჰიდროელეტქროსადგურის 31.4%-იანი წილი შეიძინა. კომპანიამ წილის შესყიდვის შესახებ განცხადება 28 აპრილს გავრცელდა

TEPCO-ს განცხადებაში მითითებულია, რომ 108 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სადგური ფლობს ელექტროენერგიის სისტემის კომერციულ ოპერატორთან "ესკოსთან" გაფორმებულ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის ხანგრძლივობაც 15 წლით არის განსაზღვრული. ამასთან, "დარიალის ჰესი" 510 მილიონი კილოვატ საათის წლიური გამომუშავებით, საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 4%-ს აგენერირებს. 

TEPCO-ს შემოსვლასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც. მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში, საქართველოსთვის ახალი ინვესტორების შემოსვლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

"ამ პერიოდში, პრაქტიკულად, გლობალური ეკონომიკა შევიდა რეცესიაში და ბიზნეს აქტივობა არის ძალიან შეზღუდული, ასეთ ვითარებაშიც კი არ შეეშალა ხელი რამდენიმე მსხვილ პროექტს, რამდენიმე ინვესტორს, რომ ამ ვითარებაშიც მიეღო დადებითი გადაწყვეტილება და შემოსულიყო საქართველოში. სხვათა შორის ეს ენერგეტიკის დარგს ეხება, ენერგეტიკა არის პრიორიტეტი, TOP მიმზიდველი და იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია TEPCO შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

“დარიალი ჰესის“ საზეიმო გახსნის ცერემონია 2017 წლის 8 აპრილს გაიმართა. სადგურის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მისი აქტივების ღირებულება 257.5 მილიონი ლარია, 2018 წლის განმავლობაში სადგურმა 38 მილიონი ლარის ელექტროენერგიის რეალიზება მოახდინა, მისი წმინდა მოგება კი 1 მილიონი ლარი იყო. 

TEPCO-ს მიერ კომპანია "ფერისთან" დადებული გარიგების ღირებულება საჯაროდ ცნობილი არაა. 

TEPCO იაპონიის უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, იგი იაპონიაში ფლობს ჰიდროელექტროსადგურებს, თბოსადგურებსა და ატომურ ელექტროსადგურებს. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები