მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იასამნისგან დამზადებული ქართული ალკოჰოლური სასმელი კორეასა და ეგვიპტეში გაიყიდება

63724e14102dc
თინათინ ნატმელაძე
19.11.22 12:03
2218
პანდემიის პერიოდში თავისუფალი დროის გამოჩენამ მონიკა სანდოძეს საფრანგეთში სწავლისას მიღებული გამოცდილების გამოყენება გადააწყვეტინა და იასამნის ყვავილის გამოხდა დაიწყო. თავის მხრივ, გამოხდილი სითხე 40%-იან ალკოჰოლურ სასმელად აქცია. როგორც ის BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, პირველ წელი სატესტო იყო, თუმცა დადებითი უკუკავშირი მიიღო და ახლა უკვე ბევრად მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

"მონიკას იასამნის" დამფუძნებლის ცნობით, საქართველოში მცენარისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელები თითქმის არ არსებობს, მისი პროდუქტი უცხოეთისთვისაც სიახლეა, ამიტომ ყველაზე დიდ დაინტერესებას ტურისტებისგან იღებს.

"პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, რაღაც სიახლის გაკეთება მინდოდა და მეგობრებთან ყოფნისას ეს იდეა გამიჩნდა, საფრანგეთში სწავლისას შეხება მქონდა ყვავილის გამოხდასა და ალკოჰოლურ სასმელებთან, ამიტომ ეს გამოცდილება გამოვიყენე. თან საქართველოში ძირითადად ხილის სასმელებს ამზადებენ, ეს კი სიახლე იყო, პირველი წელი სატესტოდ ვიმუშავე და დადებითი უკუკავშირი მივიღე, ახლა უკვე მესამე წელია ამ პროდუქტს ვქმნი და 50%-ით გაიზარდა ხარისხიც, გემოვნური თვისებებიც და მოთხოვნაც. მსგავსი სასმელი უცხოეთისთვისაც სიახლეა, ამიტომ ყველაზე დიდი დაინტერესება ტურისტებისგანაა", - აცხადებს მონიკა სანდოძე.

იასამნის ალკოჰოლური სასმელი კორეაში, ქართული პროდუქციის გამოფენაზეც იყო წარმოდგენილი და როგორც კომპანიის დამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავს, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მომავალი წლიდან ევროპასთან ერთად კორეის საექსპორტო ბაზარზე შესვლასაც გეგმავს.

"კორეაში, ქართული პროდუქციის გამოფენაზე ვიმყოფებოდი, სადაც მთლიანად გაიყიდა ჩემ მიერ ჩატანილი პროდუქცია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან, ევროპასთან ერთად კორეაშიც გავიტან ჩემს სასმელს, თუმცა ამისთვის პირველ რიგში საწარმოს გაფართოება და პროდუქციის რაოდენობის გაზრდა მჭირდება", - ამბობს მონიკა სანდოძე.

კითხვაზე, რა არის მთავარი გამოწვევა ალკოჰოლური სასმლის წარმოების პროცესში, "მონიკას იასამნის" დამფუძნელები გვიყვება, რომ მაღალალკოჰოლური სასმელებისთვის არანაირი თანადაფინანსება არ არსებობს, ამიტომ წარმოებას დახმარების გარეშე, მოგების უკან ჩაბრუნებით აგრძელებს.

"თანადაფინანსების პროგრამებში ვერ ვმონაწილეობ, მიწევს ყველაფერი საკუთარი ფინანსებით გავაკეთო, რადგან მაღალალკოჰოლური სასმელებისთვის მსგავსი დაფინანსებები აკრძალულია, მაქსიმუმ ღვინო აწარმოო და მერე დამატებით შექმნა მსგავსი სასმელი, ამიტომ მოგებას მუდმივად უკან ვაბრუნებ და საკუთარი ძალებით ვცდილობ პროდუქციის რაოდენობა გავზარდო.

რაც შეეხება დამატებით გამოწვევებს - იასამანი მხოლოდ ერთი თვე ყვავის, ამიტომ დროში საკმაოდ შეზღუდული ვარ, ასევე ბოთლების საზღვარგარეთ შეკვეთა მიწევს, რადგან საქართველოში არ იწარმოება, რაც კიდევ დამატებით დროსთან და ლოდინთანაა დაკავშირებული", - განაცხადა მონიკა სანდოძემ.

"მონიკას იასამანი" ამჟამად თბილისის 10-მდე ღვინის ბარ-მაღაზიაშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 50-90 ლარს შორის მერყეობს.