მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგვიპტე, იორდანია, ლიბანი - რამდენად უსაფრთხოა ისრაელ-ჰამასის ომის დროს შუა აღმოსავლეთში მოგზაურობა?

მოგზაურობა

მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელის საწინააღმდეგო საომარი მოქმედებები დაიწყო და ღაზას სექტორსა და ისრაელში მსხვერპლის რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა, აშშ-სა და ევროკავშირის მთავრობებმა საკუთარ მოქალაქეებს ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიაზე მოგზაურობისგან, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. თუმცა მოგზაურებმა გარკვეული სიფრთხილე შუა აღმოსავლეთის სხვა, ისრაელის მომიჯნავე ქვეყნებსა და, მათ შორის, თურქეთში მოგზაურობისასაც უნდა გამოიჩინონ. Euronews-ი ლიბანში, ეგვიპტეში, იორდანიასა და თურქეთში დაგეგმილ მოგზაურობებთან დაკავშირებულ განახლებულ პროტოკოლზე წერს.

ლიბანი

ლიბანი ისრაელის ჩრდილოეთიდან ესაზღვრება და ნავარაუდებია, რომ ისრაელ-ჰამასის ომის გაღრმავებაში გარკვეულ წვლილსაც შეიტანს. სამხედრო დაჯგუფება “ჰეზბოლამ” სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე უკვე განახორციელა და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა იმატებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თავის მოქალაქეებს, არა მხოლოდ ლიბანში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, არამედ აღმოსავლეთში მყოფ ბრიტანელებს ქვეყნის დატოვებისკენაც მოუწოდა.

“მოვლენები ლიბანში სწრაფად ვითარდება, სიტუაცია შესაძლოა, სწრაფად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამწვავდეს” - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ლიბანში გამგზავრებაზე გაფრთხილებები ავსტრალიის, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების სხვა მთავრობებმაც გაავრცელეს.

ეგვიპტე

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე ისრაელსა და ღაზასთან საზღვარს იზიარებს, ქვეყანა კონფლიქტში, ჯერჯერობით, არ ჩართულა. რაფას საზღვარი, შესაძლოა, ღაზას მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის გაიხსნას, თუმცა ამ დროისთვის ის კვლავ ჩაკეტილია.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურობას, ეგვიპტის საზღვრები ავიახაზებისა და ტუროპერატორებისთვის კვლავ შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ვინაიდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენები ისრაელის საჰაერო სივრცეს არ კვეთს, რის გამოც მიმდინარე კონფლიქტი ავიაკომპანიების განრიგებზე გავლენას არ ახდენს.

გარდა ამისა, ეგვიპტის მთავარი ტურისტული ქალაქები ისრაელის საზღვრიდან მოშორებითაა. სანაპირო კურორტი შარმ-ელ-შეიხი, რომელიც საზღვართან ყველაზე ახლოსაა, ღაზას სექტორიდან 5 საათის სავალზეა.

ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობებს ეგვიპტეში მოგზაურობის აკრძალვა არ გამოუცხადებიათ, რის გამოც ტურისტულ პაკეტებში გადახდილი თანხები უკან, სავარაუდოდ, არ დაბრუნდება. თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლება ეგვიპტეში მოგზაურობისას სიფრთხილის გამოჩენისა და რელიგიური წერტილების, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების არიდებისკენ მოუწოდებს.

იორდანია

იორდანიია ისრაელს, პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სირიას ესაზღვრება. გასულ კვირას ბრიტანეთის ხელისუფლებამ ახალი პროტოკოლი გამოსცა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, იორდანია-სირიის საზღვართან 3 კმ-ის რადიუსში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

თუმცა იორდანიის ტურისტულ სანახაობებზე მიმდინარე კონფლიქტი გავლენას არ ახდენს, რის გამოც ტურისტულ კომპანიებს დაჯავშნილ ტურებზე გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება არ აქვთ. იორდანიის ტურისტული საბჭო კი აცხადებს, რომ ქვეყანა უსაფრთხოა და ტურისტებს მთელი მსოფლიოდან ელოდება.

თურქეთი

ზოგიერთი მოგზაური თურქეთში დაგეგმილ მოგზაურობაზეც ღელავს, თუმცა თურქეთს ისრაელთან საერთო საზღვარი არ აქვს და მისგან 879 კილომეტრში მდებარეობს.

ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს თურქეთის ყოველდღიურობაზე გავლენა არ ჰქონია. ტურისტული სანახაობები, მათ შორის ანტალია, კაბადოკია და სხვა სანაპირო კურორტები, ტურისტებისთვის კვლავ ღია რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები