მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იბიცას სანაპიროსთან 7 000 ტონა დიზელით დატვირთული გემი ჩაიძირა, დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი

ტანკერი

26 ნოემბერს, გამთენიისას, იბიცას სანაპიროსთან დაახლოებით 7 000 ტონა დიზელის საწვავით დატვირთული გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა - ინფორმაციას ბალეარის კუნძულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ეკიპაჟის დანარჩენი 16 წევრი გადარჩა. საწვავის დაღვრის საფრთხის გამო საგანგებო პროტოკოლები ამოქმედდა.

ბალეარის კუნძულების მთავრობის საგანგებო სიტუაციებისა და შინაგან საქმეთა გენერალურმა დირექტორმა, პაბლო გარისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განგაშის სიგნალი იბიცას პორტის ზედამხედველისგან დაახლოებით 01:20 საათზე მიიღეს. მისი თქმით, გემის კორპუსი დაზიანდა, რამაც საბოლოოდ მისი ჩაძირვა გამოიწვია.

ევაკუირებული 17 მეზღვაურიდან ექვსი იბიცას აეროპორტში გადაიყვანეს, ერთი კი პირდაპირ კან-მისესის (Can Misses) საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მოგვიანებით მისი გარდაცვალება დადასტურდა.

ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ახლა ჩაძირვის შესაძლო ეკოლოგიური შედეგებია, იმ საწვავის დიდი მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც გემ "Med Emre"-ს გადაჰქონდა.

"ჩვენ ვაკვირდებით შესაძლო ეკოლოგიურ შედეგებს, რაც შეიძლება ამ ავარიას მოჰყვეს", - განაცხადა გარისმა.

გემის ჩაძირვის შემდეგ მე-2 დონეზე ამოქმედდა ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული გეგმა, ხოლო ბალეარის კუნძულების მთავრობამ ნულოვან დონეზე აამოქმედა რეგიონული სამოქალაქო თავდაცვის გეგმა.

გარემოზე მიყენებული ზიანის სრული მასშტაბი ჯერ უცნობია, ხელისუფლება კი აფასებს, გახდება თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება.

"ამ ეტაპზე ველოდებით მიმდინარე შეფასებებს და მოვლენათა შესაძლო განვითარებას", - დასძინა გარისმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები