შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი მფლობელები, კახა შენგელია და გია კავთელიშვილი დღეს IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე IBSU-ს ახალმა რექტორმა, კახა შენგელიამ აღნიშნა, IBSU შეინარჩუნებს თავის ბრენდს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მენეჯმენტს.
შენგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IBSU გაძლიერდება და კიდევ უფრო გაიზრდება მისი საერთაშორისო ცნობადობა, ჩამოვა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი, შეიქმნება ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, სოციალური, და ჰუმანიტარული მიმართულებებით.
IBSU-ს ერთ-ერთი მფლობელის, გია კავთელიშვილის თქმით, იგი მოხარულია, რომ მის მეგობარ და პარტნიორ კახა შენგელიასთან ერთად უნივერსიტეტის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს.
როგორც ყოფილმა რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
“მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ახალი მენეჯმენტითა და ხედვებით გაცილებით გაძლიერდება და განვითარდება”, განაცხადა ბაირაქთუთანმა.
2 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, IBSU-ს მფლობელები გახდნენ "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი კახა შენგელია და "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" (სეუ) რექტორი გია კავთელიშვილი.