მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA ახალი წევრი კომპანიების პრეზენტაციას გამართავს

პრეზენტაცია
11.01.24 17:33
75

12 იანვარს „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ ახალი წევრი კომპანიების ტრადიციულ პრეზენტაციას უმასპინძლებს.

ღონისძიების ფარგლებში, ახალი წევრების წარდგენა იგეგმება. ეს კომპანიები სამშენებლო ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებენ.

პრეზენტაცია კომპანიების შესახებ ვიდეოების ჩვენებას მოიცავს, რომელიც შემდგომ პანელური დისკუსიით გაგრძელდება.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ანა საბახტარიშვილის თქმით, აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი: „ღონისძიება, რომელსაც ასოციაცია, უკვე არაერთი წელია, ტრადიციულად მართავს, საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ სექტორის, ერთი მხრივ, მრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, აძლიერებს ჩვენს ხმას, ინდუსტრიის ხმას, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სექტორისა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინდუსტრიამ თანამედროვე მიდგომები გაითავისოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიების თემად შეგვერჩია მდგრადი მშენებლობა, რადგან ვთვლი, რომ აღნიშნული საკითხი არის სექტორის განვითარების აქტუალური ნაწილი. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღის ფარგლებში გამგეობის ახალ წევრს ავირჩევთ“.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე შედგება მენტორინგის პროგრამის დახურვის ღონისძიება. პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორც მენტორები, აქტიურად ეხმარებოდნენ რეგიონებში არსებულ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების გაცემითა თუ ტექნოლოგიური და სხვა ტიპის განვითარების მიმართულებით. მენტორებს წარმატებული საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე შედგება შემდეგი კომპანიების პრეზენტაციები: „ელსაიდი“, „ჰიდროდიაგნოსტიკა“, „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“, „ვორტექსი“, „სელფორდი“, „აპარტ ქონსთრაქშენი“, „სპეცკომფორტი“.

ღონისძიების ოქროს სპონსორია „ვისოლი“, ხოლო მხარდამჭერი - „თიბისი ბანკი.“