სამშენებლო მიმართულებით ცოდნის გაახლების და შეძენის მსურველთათვის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სასწავლო კურსებზე მიღებას აცხადებენ. ICCA-მ და GAU-მ საერთაშორისო პარტნიორთან, ესპანური ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციასთან (CEOE) ერთად, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, შეიმუშავეს სპეციალური მომზადებისა და გადამზადების კურსები, რომელზეც უკვე მეორედ გამოცხადდა მიღება და აპრილის თვიდან, სწორედ მომდევნო ნაკადი დაიწყებს პროგრამებზე სწავლას.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ინდუსტრიას აწუხებს და, რომელზეც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. სწორედ ამ დეფიციტის შევსებაზეა ორიენტირებული აღნიშნული კურსი.
მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ თანამედროვე ცოდნა სამი მიმართულებით: მშენებლობის მენეჯმენტი, სამუშაოთა წარმოება და გარემოს დაცვის სისტემების მენეჯმენტი. აქედან პირველი ორი არის გადამზადების კურსი, ხოლო გარემოს დაცვის სისტემების მენეჯმენტი მომზადების კურსია და მისი გავლა ინდუსტრიაში ახალბედებისთვისაც არის შესაძლებელი.
“ჩვენი მიზანია, ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მიწოდება ბაზრისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს სხვადასხვა სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და ყველაზე მოთხოვნად პოზიციებზე დასაქმებაში. GAU და ინფტასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ამ მიზნის გარშემო გავერთიანდით და ვცდილობთ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. აღნიშნულის მიღწევისას კი გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის აქტივობების შესრულება, როგორებიცაა როგორებიცაა: სამშენებლო ბაზრის მოთხოვნების წინასწარი მოკვლევა, კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლებთან სისტემატური კონსულტაცია, გაუს ესპანელი პარტნიორების და დარგის სპეციალისტების პროგრამების შემუშავებაში ჩართვა და, რაც მთავარია,უშუალოდ მსმენელების უკუკავშირის გათვალისწინება” - ამბობს სალომე ღუდუშაური, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლის ვიცე-დეკანი.
აღნიშნული პროგრამები მომზადდა იმ მოკვლევის საფუძველზე, რომელიც პროგრამის დაწყებამდე გასწიეს ორგანიზაციებმა და რომელმაც გამოავლინა, რომ სწორედ ეს სამი ზემოაღნიშნული მიმართულება წარმოადგენს სამშენებლო ინდუსტრიისათვის ყველაზე აქტუალურ მიმართულებებს.
კურსის პირველი ნაკადის სასწავლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. წარმატებული მონაწილეები, მიმდინარე კვირაში დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით, აპრილის თვიდან კი მეორე ნაკადი შეუდგება სწავლას.
სამივე კურსზე მიღებისას, გათვალისწინებულია სპეციალური კვოტა ქალებისა და ახალგაზრდებისათვის.
კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით.