მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-მ მშენებლობის და ინჟინერიის (პრე) დარგობრივი უნარების ორგანიზაციის პრეზენტაცია გამართა

ინფრასტრუქტურა
20.09.24 17:23
597

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” მხარდაჭერით, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს, 19 სექტემბერს სამშენებლო სფეროს ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის მიღება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ახალი ინიციატივის პრეზენტაცია შედგა, რომელიც ხელს უწყობს მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

ICCA აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეა. მშენებლობის და ინჟინერიის დუოს საინიციატივო ჯგუფი აერთიანებს რამდენიმე ორგანიზაციას: ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი, საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაცია, საქართველოს ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაცია, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია, FIABCI.

“დარგობრივი უნარების ორგანიზაცია (დუო) არის პლატფორმა, რომელიც პროფესიული განათლების შენებაში საკუთარ სიტყვას იტყვის. სამშენებლო სექტორისათვის, რომელიც კვალიფიციური კადრების ესოდენ დეფიციტს განიცდის, ასეთი ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. სამშენებლო ინდუსტრიის დუოს რამდენიმე წევრი ჰყავს და ყველა მათგანი, ორგანიზაციის ფარგლებში, შეიტანს თავის წვლილს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის გზით, კადრების მობილიზებასა და განვითარებაში. საბოლოო ჯამში, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, ქვეყანაში დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამიტომ ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავამოტივიროთ კერძო სექტორი, რომ ხვალინდელი დღის, სტაბილური კადრების მოზიდვის პერსპექტივა დავანახოთ და ვუბიძგოთ, ჩაერთონ აქტიურად ამ პროცესებში”, - აღნიშნავს ანა საბახტარიშვილი.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, სამშენებლო ინდუსტრიაში ადამიანის კაპიტალის განვითარებას წლებია, აქტიურად უჭერს მხარს.

“საერთაშორისო გამოცდილების შემოტანა საქართველოს კონტექსტში, მნიშვნელოვანია ახალი ჰორიზონტებისა და შესაძლებლობების დანახვისათვის. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შექმნა, სწორედ, ასეთი ახალი ინიციატივაა, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონსოლიდირებას უნარების განვითარებისთვის. პროფესიული განათლების განვითარება, კერძო სექტორის გარეშე წარმოუდგენელია,” - ამბობს მარიკა ზაქარეიშვილი, პროფესიული განათლების ექსპერტი.

დარგობრივი უნარების ასოციაციის საინიციატივო ჯგუფი იმ ორგანიზაციებისაგან შედგება, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს მოსაზრებას, რომ მშენებლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი პროფესიული განათლების გზით გაძლიერებაა.

“ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი - GCMC, შექმნის დღიდან, სამშენებლო დუოს თანადამფუძნებელია და აქტიურად ვართ ჩართულები ყველა მიმდინარე პროცესში. ჩვენი კლასტერი აერთიანებს მასალების მწარმოებელ 34 კომპანიას და საჭიროების კვლევისას, უცვლელად ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებენ. ამიტომ ამ დუოს არსებობა და ეფექტური მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის. გარდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ჩართულობისა. ვიყავით ასევე საგამოცდო პროცესის დამკვირვებლები კოლეჯებში, როგორც შუალედურ, ისე ფინალურ გამოცდებზე, ვნახეთ პროცესი, პრობლემები და რა ცვლილებებია შესატანი. საგამოცდო პროცესში ჩვენი ჩართულობა, ვფიქრობ. ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, კომპანიების მხრიდან სანდოობის ზრდას.

მართალია ჯერ ძალიან საწყისი ეტაპია დუოს საქმიანობაში მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და დაგეგმილი გვაქვს ბევრად უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელება.” - ამბობს „ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის“ აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ცაიშვილი.

ღონისძიებაზე, პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები აუდიტორიას დუოს მნიშვნელობაზე და კერძო სექტორის ჩართულობაზე ესაუბრნენ. ამასთან, GIZ-მა ისაუბრა იმ მოტივებზე, თუ რატომ და როგორ ხედავს ამ პროცესებში საკუთარი მხარდაჭერის საჭიროებას. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ბიზნესის წარმომადგენლებმა. თორნიკე კუჭავამ, ანაგის საინვესტიციო დირექტორმა კერძო სექტორის პრიზმიდან ხაზი გაუსვა იმ ბენეფიტებს, რასაც ის რეალურად ხედავს პროფესიულ განათლებაში ჩართულობით. საგანმანათლებლო დაწესებულების ჭრილში, თამარ ზაქარაშვილმა, კოლეჯ “კონსტრუქტორის” დირექტორმა მიმართა აუდიტორიას სიტყვით, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკაზე დარგობრივი უნარების ორგანიზაციების მიმართ პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორმა ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები