მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICE-მა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსი შექმნა - სებ-ი ამ მხრივ ინვესტიციების ზრდას მოელის

ეროვნული ბანკი

"საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი იზრდება. ბოლო 18 თვის განმავლობაში ქართულ სახაზინო ფასიან ქაღალდებში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხაზარაძემ განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივებს, სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებსა და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდების განვითარებას მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ ორდღიან კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა 2026 წლის თებერვალში განხორციელებული პროექტი იყო, რომლის ფარგლებშიც პირველად გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი. ინდექსები საერთაშორისო ფინანსურმა ბირჟამ და კლირინგის ოპერატორმა Intercontinental Exchange-მა (ICE) შეიმუშავა და ისინი ხელმისაწვდომი გახდა როგორც Bloomberg-ის, ისე ICE-ის ინდექსების პლატფორმების მეშვეობით.

ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, ასეთი ინდექსების შექმნა კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ისინი ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ შეაფასონ ფასიანი ქაღალდების რისკი და შემოსავლიანობა, ხოლო მომავალში შეიქმნას ინდექსზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტები.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი შეხვედრების შედეგად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და მალე დავინახავთ ისეთ საინვესტიციო პროდუქტებს, როგორიც არის ინდექსირებული საინვესტიციო ფონდები. თითოეულ ქართველს, კომპანიას თუ ინსტიტუციონალურ ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, ასეთი ფონდების მეშვეობით განახორციელოს ინვესტიცია ქართულ სახაზინო ობლიგაციებში“, — განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესი მზარდია.

„როგორც ვხედავთ, უცხოელი ინვესტორებისგან ძალზე დიდი ინტერესია ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით. მილიარდზე მეტი ინვესტიცია უკვე განხორციელდა ბოლო 18 თვის განმავლობაში და ეს ინტერესი მზარდია. ეს ყველაფერი გამოწვეულია ძალიან ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებით. გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკა გეოპოლიტიკური შოკების მიმართ მდგრადი აღმოჩნდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს სახაზინო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდას“, — აღნიშნა მან.

ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე. მისი თქმით, ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი აქვს.

„ჩვენი საინვესტიციო ბაზარი რეალურად მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც შეიქმნა. როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, 2020 წლიდან დაიწყო საინვესტიციო ფონდების შექმნა. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საპენსიო სააგენტოს და შემდგომ უკვე საპენსიო ფონდის საქმიანობამ“, — განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად საინვესტიციო ბაზრის მოცულობა დაახლოებით 460 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ეს შესაძლოა მხოლოდ მცირე ნაწილი იყოს იმ მოცულობისა, რასაც ბაზარი მომავალში მიაღწევს.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაახლოებით შეიძლება იყოს იმის მეათედი, რაც უახლოეს მომავალში შეიძლება გვქონდეს. მით უმეტეს, რომ კომპანიებმა დაიწყეს ნებაყოფლობითი საპენსიო სქემების დაფუძნება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო პროდუქტებსა და სერვისებზე“, — აღნიშნა მან.

სებ-ის როლი - რეგულირება და განვითარების ხელშეწყობა

ხაზარაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ფუნქცია მხოლოდ ზედამხედველობით არ შემოიფარგლება და მარეგულირებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფინანსური ბაზრების განვითარების ხელშეწყობაც არის.

„ეროვნულ ბანკს ორმხრივი ვალდებულება აქვს — ერთი მხრივ, მოახდინოს ზედამხედველობა და რეგულირება, მაგრამ მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს ასეთი ბაზრების შექმნას. კარგი და მოქმედი საინვესტიციო ბაზრები ეხმარება როგორც მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის პროცესს, ასევე უფრო მყარს ხდის ფინანსურ და ეკონომიკურ სექტორს გარე შოკების მიმართ“, — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახალი საინვესტიციო პროდუქტების განვითარებისას მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის რისკების სწორად კომუნიკაცია.

„საინვესტიციო პროდუქტები ყოველთვის შეიცავს რისკს. ეროვნული ბანკი ყოველთვის ინვესტორთა ინტერესების სადარაჯოზე დგას და ყურადღებას აქცევს, რამდენად სწორად არის ეს რისკები ასახული საინვესტიციო ფონდის მარკეტინგულ მასალებში, წესდებასა და პროსპექტში“, — აღნიშნა ხაზარაძემ.

უცხოელი ინვესტორები საქართველოს ბაზრის პოტენციალს უსვამენ ხაზს

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და აქტივების მართვის კომპანიების წარმომადგენლები. ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენლის ადრიან პეტრეანუს განცხადებით, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარება განსაკუთრებით ობლიგაციების მიმართულებით საინტერესო დინამიკით მიმდინარეობს.

„ძალიან საინტერესოა საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასე სწრაფად განვითარება, განსაკუთრებით ობლიგაციების ემისიების მიმართულებით. მე წარმოვადგენ ლონდონის ბაზარს და ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები მეტად დავაინტერესოთ“, — განაცხადა პეტრეანუმ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესებს.

„გულდასმით ვაკვირდებით და მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ლიკვიდობის გაუმჯობესებისთვის ახორციელებს. მარეგულირებელს ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ ბაზარი მეტად გააქტიურდეს“, — აღნიშნა Ashmore Group-ის წარმომადგენელმა.

საინვესტიციო ბანკ Barclays-ის განვითარებადი ბაზრების მმართველი დირექტორის იგორ აკულოვის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მსგავსი შინაარსის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის წარმატებისთვის. საერთაშორისო ინვესტორები ძალიან აფასებენ საქართველოს კაპიტალის ბაზრის პერსპექტივებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა“, — განაცხადა აკულოვმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების დანერგვა და მათზე დაფუძნებული ახალი საინვესტიციო პროდუქტების განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას, ინვესტორთა წრის გაფართოებას და ფინანსური ბაზრის უფრო აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საინვესტიციო პროცესებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები