ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძის განცხადებით, 21 დეკემბერს, საღამოს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ხანძრის გამო, კორპორაციის მართვის ქვეშ არსებული 6 ობიექტი ახალ ადგილზე გადავა და კვების ობიექტებსა თუ ტანსაცმლის მაღაზიებში დასაქმებული 150-მდე თანამშრომელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრით მიყენებული ზარალი ითვლება, შენობა კი იმ მდგომარეობაშია, რომ ბრენდების ფილიალები აღნიშნულ ლოკაციაზე ოპერირებას ვერ გააგრძელებენ. კახა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ კომპანიას ზარალი მიადგა, თუმცა იმაზე ნაკლები, ვიდრე ქვეყანას ევროინტეგრაციის შეჩერებით ადგება. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად ბრენდების ახალ ლოკაციაზე გადატანის გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა სად გაიხსნება ახალი მაღაზიები არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ეს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობიდან მომდინარეობს.
ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სამძიმარს უცხადებს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს.
"წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზების და ზარალის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
მეგობრებო მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ.
21 დეკემბერს საღამო საათებში ჭავჭავაძის გამზირზე 33-ში მოხდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია 24 საათი გრძელდებობა.საბედნიეროდ პერსონალის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. სახანძრო მაშველებს შორის ჰქონდა უბედურ შემთხვევას ადგილი, რის შედეგადაც ახალგაზრდა მაშველი გარდაიცვალა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მის ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო.
ხანძრის შედეგად შენობის ექსპლუატაციაში შესვლა შეუძლებელია, რომელშიც კორპორაცია ICR-ს შემდეგი ბრენდები ჰქონდა განთავსებული:
ტაბლა, პომოდორისიმო, პანუცო.
სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ოკაიდი, ჟაკადი.
ასევე მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რომელიც ახლოსაც ვერ მივა იმ ზარალთან, რაც ქვეყანამ შეიძლება განიცადოს თუ ის შეწყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს და შევა რთულ და გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში.
ამ ობიექტებში მუშაობს 150-ზე მეტი თანამშრომელი. ჩვენი კომპანია 30 წელზე მეტი ისტორიის მატარებელია და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მიუხედავად რთული ეკონომიკური სიტუაციისა ყველა ობიექტის რეალოკაცია მოხდება, რაც მთავარია ყველა პერსონალი შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენთან ერთად ეს ტკივილი განიცადეთ. რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს და ჩვენი გუნდი ახალი ენერგიით არა მარტო კომპანიას გავაძლიერებთ, არამედ სერიოზულ წვლილს შევიტანთ ახალი, ძლიერი, თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში. ერთიანობა და სიყვარული არის და იქნება წარმატების ფორმულა", - წერს ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.