გუშინ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებისას ერთი მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზების და ზარალის შესახებ ინფორმაცია უცნობია.