მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იდეა აბსურდულია" - გიორგი ქადაგიძე განმარტავს, რატომ არის შეუძლებელი ტელეკომპანია "იმედის" მიერ საკუთარი ბანკის შექმნა

გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე განმარტავს რატომ არის შეუძლებელი ტელეკომპანია "იმედის" მიერ საკუთარი ბანკის შექმნა. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბანკს ლიცენზიას მისცემენ მაინც ვერ იქნება ავტონომიური ერთეული.

ქადაგიძე განმარტავს, რომ ბანკს ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად მეორე მხარეც სჭირდება - მიმღები და გამტარი და თუ გამტარი ბანკები ჩათვლიან, რომ მეორე მხარე სანქცირებულია, ტრანზაქციას არ გაატარებენ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ერთადერთი ალტერნატივა არის, რომ მიუერთდნენ პირდაპირ რუსულ სისტემას.

"იდეა აბსურდულია. შესაძლებლობა რომც ჰქონდეთ და ამის რესურსი ან ინტელექტუალური, ან რაიმე ტიპის ადამიანური რესურსი, მაშინ მარტივი კითხვა დავსვათ: მრავალმილიარდიანი რუსული ვითიბი ბანკი დასანქცირდა და საქართველოში მისმა შვილობილმა ბანკმა ფაქტობრივად შეაჩერა საქმიანობა. თუ შესაძლებელი იყო რუსული სახელმწიფო ბანკი ვერ გაექცეოდა ამ სანქციებს?! არა თუ რუსულის სახელმწიფო ბანკი ვერ გაექცა ამას, ჩინური ბანკებიც აჩერებენ საქმიანობას.

ძალიან ვწუხვარ რომ ქალბატონი თურნავა სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. უნდა გვახსოვდეს, დამთავრდება "ქართული ოცნება" ოდესღაც და ეს ყველაფერი ისტორიას რჩება.

ლიცენზიაც რომ მისცენ, ივანიშვილმა, რომ თავისი ფული ჩადოს, მილიარდებიც რომ დახარჯონ, უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი დიდი მოთამაშე საქართველოს მასშტაბითაა და საქართველოს მასშტაბით არის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც დისპროპორციულად დიდ ქონებას და ძალაუფლებას ფლობს, რაც არის ამ ქვეყნის უბედურებაა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით და დასავლეთისთვის ივანიშვილი არაფერი არ არის, არის ზღვაში ერთი წვეთი, ერთი პაიკი. იგივე, მაგალითად მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორი მსოფლიო ფინანსური სისტემისთვის არის არაფერი, ზღვაში წვეთი.

შეუძლებელი არის იმიტომ, რომ ბანკი არ არის ავტონომიური ერთეული, ბანკი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულებს თავის ფუნქციას, თუ მას შეუძლია გადარიცხვების შესრულება მაგალითად, ანგარიშსწორება, ბარათების გამოშვება და ა.შ., ელემენტარული ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ფინანსური ოპერაციის განხორციელებას სჭირდება მეორე მხარეც, ანუ მხოლოდ ერთი მხარე ვერ შეასრულებს, სჭირდება მიმღები, სჭირდება გამტარი და გამტარი ბანკები არის სულ სამი, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს ემსახურება, რი ამერიკული და ერთი გერმანული ბანკი. ნებისმიერი "საქართველოს" ან TBC- ბანკის მომხმარებელი რომ შევიდეს აპლიკაციაში და ამოიღოს თავისი რეკვიზიტი ანგარიშის, იქ დაინახავს შუამავალ ბანკს, ეს იქნება ან "დრეზდენ ბანკი", ან BankofAmerika, ან "სითი ბანკი", ეს სამი ბანკი თუ თვლის რომ სანქცირებულია მეორე მხარე, არ ატარებს ტრანზაქციას, რაც ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს, რომ არცერთი გადარიცხვა არ წავა, ოღონდ უკვე მარტო "ქართუს" და "ლიბერთის" გადარიცხვები კი არა, მთლიანად საბანკო ანგარიშებზე იმიტომ, რომ ის ბანკები ჩათვლიან, რომ ეს არის იურისდიქცია, რომელიც ცდილობს სანქციების არიდებას.

ამის ერთადერთი ალტერნატივა არის, რომ მიუერთდნენ პირდაპირ რუსულ სისტემას და ჩინურსაც არა იმიტომ, რომ ჩინეთიც იცავს სანქციებს, რუსულ სისტემას მიუერთდეს, გადავიდეთ რუბლებზე, უარი ვთქვათ ყველაფერ დანარჩენზე და გავხდეთ კლასიკური მეორე ბელარუსი. სხვა შესაძლებლობა არ არსებობს," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია პირველის გადაცემაში "პირველ ხაზი".

ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედი“, ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლების, ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით საკუთარი ბანკის შექმნის შესახებ აცხადებს, რომლის სახელწოდება „იმედის ბანკი“ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები