ღონისძიებების ორგანიზების კომპანიამ „იდეა ივენთ ჯგუფმა“ საბავშვო ღონისძიებების ორგანიზების სერვისი დაამატა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ელენე ჩხიკვაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ახალი მიმართულების დამატება მომხმარებლის მხრიდან მზარდმა მოთხოვნამ და ამ სფეროში არსებულმა ნეგატიური გამოცდილებებმა განაპირობა.
„ბავშვების დაბადების დღეები და მასშტაბური ღონისძიებები ხშირად სტანდარტულად ტარდება და ნაკლებად არის მორგებული ასაკსა და განვითარებაზე. ამიტომ, ფსიქოლოგებისა და პროფესიონალების დახმარებით შევქმენით პროგრამები, რომელიც რეალურად ემსახურება ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებს“, - აღნიშნა ჩხიკვაძემ.
მისი თქმით, ახალი სერვისი ძირითადად დაბადების დღეებს მოიცავს და ფოკუსირებულია ჯგუფურ აქტივობებზე. „წარსულში თამაშები ძირითადად შეჯიბრებით მთავრდებოდა და გამარჯვებული ყოველთვის იუბილარი იყო, რაც ვფიქრობ, სწორი მიდგომა არ არის. ჩვენ ვცდილობთ, აქტივობები გუნდური იყოს, რათა ყველა ბავშვმა მიიღოს სასიამოვნო გამოცდილება”, – განმარტა მან.
„იდეა ივენთ ჯგუფის“ ახალი სერვისი უკვე აქტიურად ფუნქციონირებს და კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ასაკზე მორგებული ინოვაციური მიდგომა საბავშვო ღონისძიებების მიმართულებით დიდ ინტერესს გამოიწვევს.




























