მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“IDS ბორჯომმა“ რეორგანიზაციის შედეგად 49 ადამიანი გაათავისუფლა - კომპანიის განმარტება

627382fe0d455
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.22 12:00
1234
„აი დი ეს ბორჯომმა“ რეორგანიზაციის შედეგად 49 ადამიანი გაათავისუფლა - ამის შესახებ „აი დი ეს ბორჯომი საქართველოში“ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადეს. აღსანიშნია, რომ "ბორჯომის" ორივე ქარხანა 685 სამუშაო ადგილს ქმნის. 

საქმე ის არის, „აი დი ეს ბორჯომის“ დასაქმებულების გამოსვლებისა და პროფკავშირების მიერ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ BM.GE-მ კომპანიას კითხვით მიმართა: პროფკავშირების ცნობით, კომპანიაში დასაქმებულ პირებს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადად 3 მაისი ჰქონდათ, ახალ პირობებზე ხელშეკრულების არმოწერის შემთხვევაში კი კომპანია რეორგანიზაციას დაიწყებდა, რამდენი ადამიანი დათანხმდა კომპანიასთან ახალი პირობებით თანამშრომლობას და ხომ არ დაიწყო კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი?

კომპანიაში განმარტავენ, რომ თანამშრომელთა უმრავლესობა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ახალ სახელშეკრულებო პირობებს დათანხმდა და შეთანხმებას ხელი მოაწერა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღესუდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას - ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომში შემცირებები აღარ მოგვიწევს“, - განუცხადეს BM.GE-ის კომპანიაში.

ცნობისთვის: 4 მაისს „ბორჯომის“ ქარხანასთან კომპანიის თანამშრომლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კომპანიის მიერ ახალი ხელშეკრულების პირობების შეთავაზების გამო შექმნილი გაუგებარი ვითარების გარკვევისა და მათთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიის მიღების მიზნით, გენერალურ დირექტორ - ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, „აიდიეს ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა, რის შესახებაც საჯარო უწყებებს ეცნობათ. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდება, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდათ. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები